ეუთოს სამიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში უკრაინის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს. მათი პროტესტი უმაღლესი დონის ღონისძიებაში რუსეთის ჩართვამ გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს წევრ ქვეყანაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, 29 ნოემბერს, გვიან ღამით ჩავიდა. ქვეყანაში დროებით მოიხსნა შეზღუდვა ფრენებზე, სწორედ რუსი დიპლომატის გამო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვის ვიზიტი NATO-ს წევრ ქვეყანაში გამონაკლისი შემთხვევაა.
Productive conversations with my counterparts at the @OSCE Ministerial in Skopje today. Despite Russia’s obstructionism, we remain fully committed to the OSCE, its founding principles, and the important work that is achieved. pic.twitter.com/VRDH1GAB0M
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) November 29, 2023
სკოპიეში, მაღალი დონის სამიტში მონაწილეობის მისაღებად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ჩავიდა. თუმცა ამერიკელმა დიპლომატმა ჩრდილოეთ მაკედონია სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი არღვევს ყველა საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს მშვიდობის დასაცავად. ამერიკელმა დიპლომატმა სკოპიეში ისიც თქვა, რომ რუსეთი ეუთოს მუშაობას აფერხებს.
სამიტზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მის სიტყვას დარბაზში დამსწრეთა ნაწილის პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. ის შეეხო 2008 წლის ომს საქართველოსთან და თქვა, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. რუს დიპლომატს კოლეგებისგან მწვავე კრიტიკის მოსმენა მოუწია.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ორგანიზაციის უმაღლესი გადაწყვეტილებების მისაღებად რეგულარულად იმართება და მასში სახელმწიფოთა მთავრობების წარმომადგენლები მონაწილეობენ. წლევანდელ სამიტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება. ილია დარჩიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას შეხვდა. მინისტრის განცხადებით, ოფიციალურ შეხვედრებზე ძირითადი განსახილველი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაცია და ოკუპაციაა. დაგეგმილია ილია დარჩიაშვილის სიტყვით გამოსვლა ეუთოს მინისტრთა საბჭოს სესიაზე.
ეუთოს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში 29 ნოემბერს დაიწყო და 1-ელ დეკემბერს დასრულდება.