მთავარისაქართველომედიის წარმომადგენლები სამუშაო გარემოს გაუარესებაზე საუბრობენ

მედიის წარმომადგენლები სამუშაო გარემოს გაუარესებაზე საუბრობენ

კვლევა: "გამოკითხული ჟურნალისტების 22%-მა აღნიშნა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ახსოვს მინიმუმ ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც თავად ან კოლეგამ კრიტიკული კითხვის დასმისგან თავი შეიკავა აკრედიტაციის დაკარგვის შიშით".

პარლამენტში მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის შესახებ დღეს კვლევის პრეზენტაცია გამართეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და USAID მედია პროგრამის წევრებმა. გამოკითხული ჟურნალისტების 25%-ის განცხადებით, აკრედიტაციის შეჩერების შიშით ბოლო სამი თვის განმავლობაში ახსენდებათ შემთხვევა, როდესაც მათ ან  კოლეგებმა თავი შეიკავეს კითხვის განმეორებით დასმისგან. გამოკითხულთა 22% კი ამბობს, რომ ახსოვთ მინიმუმ ერთი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში მედიის წარმომადგენლებმა კრიტიკული კითხვის დასმისგან შეიკავეს თავი. კვლევის ავტორები აკრედიტაციის სისტემის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის ინსტრუმენტად ქცევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოქალაქეებს არ წაერთვათ უფლება მიიღონ ინფორმაცია. პარლამენტში ჟურნალისტების ქცევის წესები პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით 1-ელი მარტიდან შეიცვალა.

“მედიის ე.წ. „ქცევის წესების“ სისტემის დანერგვის შემდეგ საქართველოს პარლამენტში სამუშაო გარემო გაუარესდა”, – ამბობს კვლევის ფარგლებში გამოკითხული ჟურნალისტების თითქმის ნახევარი –  47%. რას გულისხმობს ჟურნალისტების ქცევის წესები, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით 2023 წლის პირველი მარტიდან შევიდა ძალაში. ჟურნალისტს ეკრძალება კითხვის გამეორება იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტმა უარი თქვა პასუხის გაცემაზე. ჟურნალისტმა უნდა შეწყვიტოს ინტერვიუ მაშინვე, როგორც კი რესპონდენტი ამას მოითხოვს. მედიას ასევე ეკრძალება დოკუმენტების, მათ შორის ტელეფონის ეკრანის გადაღება ნებართვის გარეშე. იმ შემთხვევაში თუ მედიის წარმომადგენელი ამ და სხვა წესებს დაარღვევს, მას აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერება ემუქრება.

პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის კვლევის ფარგლებში გამოკითხული ჟურნალისტების 55% ამბობს, რომ ამ წესების შემოღების შემდეგ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუარესდა. 61% თვლის, რომ გაუარესდა დეპუტატებისგან კომენტარების მიღების შესაძლებლობა და გამოკითხულთა 57% ღიად ამბობს, რომ პარლამენტის წევრების მხრიდან ზოგადი დამოკიდებულება აკრედიტაციის სისტემის დანერგვის შემდეგ გაუარესდა.

კვლევაში ნათქვამია ისიც, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით შემოღებული წესებს, მაგალითად, პარლამენტის წევრზე ადევნების შეზღუდვას, გამოკითხულთა 71%-ის აზრით, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა ჰქონდეს მედიაზე; ხოლო რესპონდენტის მიერ კომენტარზე უარის თქმის შემთხვევაში ინტერვიუს შეწყვეტას, გამოკითხულთა 73%-ის აზრით, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ჟურნალისტურ საქმიანობაზე. ამასთან, მედიის წარმომადგენლები იხსენებენ შემთხვევებს, როდესაც აკრედიტაციის შეჩერების შიშით არ და ვერ დასვეს კრიტიკული შეკითხვა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და USAID-ის წარმომადგენლების თქმით, უმნიშვნელოვანესია საჯარო ინფორმაციაზე ჟურნალისტებს მიუწვდებოდეთ ხელი, რადგან სწორედ ამ გზით იღებს ინფორმაციას ქვეყნის თითოეული მოქალაქე.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ აუცილებელია, აკრედიტაციის წესების გადახედვა მედიის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების მიერ დასახელებული პრობლემური საკითხების გაანალიზება გამჭვირვალობის ხარისხის გასაზრდელად.

ანანო ღუდუშაური

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend