ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში გრძელდება მძევლების გათავისუფლება. ზოგიერთი მათგანი პირდაპირ თელ-ავივის საავადმყოფოებში გადაჰყავთ.
გასულ ღამეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე 11 მძევალი გათავისუფლდა, მათ შორის არიან 3 წლის ტყუპები.
ამასთანავე, „ჰამასმა“ პირობა დადო, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში კიდევ 20 ქალსა და ბავშვს გაათავისუფლებს. შესაბამისად, 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ორი დღით გახანგრძლივდება.
თუმცა იმის იმედი, რომ დროებითი ზავი დიდხანს გაგრძელდება, არარეალურია, რადგან პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ომი არ დასრულებულა.

ისრაელელი მძევლების სანაცვლოდ შუაღამით ისრაელის ციხეებიდან 33 პალესტინელი გათავისუფლდა. მათი უმეტესობა ქალი და არასრულწლოვანია.
„ჰამასის“ მიერ მართულმა მედიამ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ხვდებიან ზარ-ზეიმით დასავლეთ სანაპიროზე შეკრებილი პალესტინელები გათავისუფლებულებს.

ორშაბათს კი ღაზის სექტორში დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება, საკვები, საწვავი და მედიკამენტები შევიდა. თუმცა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. რეგიონს უფრო მეტი დახმარება სჭირდება.
წყლის ჭების განადგურებამ ღაზაში კრიზისი გამოიწვია. ჭების 50 პროცენტი ახლა გამოუსადეგარია, ტერიტორიაზე არ არის საკმარისი წყლის მარაგი.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 1200 ადამიანი დაიღუპა, 240 კი მძევლად აიყვანეს. „ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის საპასუხო იერიშს 14 500 პალესტინელი ემსხვერპლა.