მთავარიაზიაისრაელი„ეს პაუზაა და არა ზავი“ - მეხუთე დღეა, რაც ღაზის სექტორში აღარ...

„ეს პაუზაა და არა ზავი“ – მეხუთე დღეა, რაც ღაზის სექტორში აღარ ისვრიან

შერონი და მისი ტყუპი შვილები: ემა და უილი, იაგილი და ორი, საჰარი, ერეზი; კარინა და მისი შვილები: მიკა და იუვალი, ეითანი… ეს ის ტყვეებია, რომლებიც 27 ნოემბრის ღამეს “ჰამასმა” გაათავისუფლა, პალესტინელ პატიმრებში გაცვალა. ტყვეთა გაცვლის პროცესი 28 ნოემბერსაც უნდა გაგრძელდეს. ჯერ კიდევ ათობით ადამიანი რჩება ღაზის სექტორში ტყვეობაში.

აქამდე კი 60-ზე მეტი მძევალი დაუბრუნდა ოჯახებს. მათ შორის იყვნენ შირა ჰავრონის ნათესავები: ბიძა, დეიდა, ბიძაშვილები, ძმისშვილები… შირა ამბობს, რომ გახარებულია, თუმცა მისთვის ტრაგედია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

„ის, რომ ჩვენი ოჯახის ნაწილი დაბრუნდა, ამ ტრაგედიის დასასრულს არ ნიშნავს. ვერ ვიზეიმებთ, ომი გრძელდება“.

“ჰამასის” ტყვეობიდან გათავისუფლებული ტალ და გალ გოლდშტეინები, 27 ნოემბერი, 2023 წელი Copyright IDF via AP

პალესტინის დროშებითა და შეძახილებით შეხვდნენ იერუსალიმის დასავლეთ სანაპიროზე ავტობუსს, რომელსაც ისრაელის ციხეებში დაკავებული პატიმრები გადაჰყავდა. მათ შორის იყო ეტაფ ჯარადატი, რომელიც თავის დაბადების დღეზე სახლში დაბრუნდა.

ეტაფიც ამბობს, რომ მისთვის ბრძოლა დასრულებული არ არის, რადგან ისრაელის ციხეებში მისი ძმები და შვილები რჩებიან.

„თავისუფლება მართლაც, საოცრებაა მიუხედავად იმ სატანჯველისა, რაც ამ ყველაფერს თან ახლავს. თუმცა ეს ბედნიერება სრულყოფილი არ არის. ჩემი შვილები და ძმები ჯერ კიდევ ციხეში რჩებიან“.

ქალაქ ღაზაში კი უკვე მეხუთე დღეა სროლის ხმა არ ისმის. მოქალაქეების ნაწილი ქალაქში ბრუნდება. იქ კარგად იციან, რომ ეს პაუზაა და არა გრძელვადიანი ზავი, თუმცა იმედს არ კარგავენ, რომ მშვიდობიანი დღეები გახანგრძლივდება.

პალესტინელი კაცი ქალაქ ღაზაში, ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის მეოთხე დღე, 27 ნოემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Mohammed Hajjar

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend