მთავარისაქართველოფანდურის დევნილობა

ფანდურის დევნილობა

უკვე 3 წელია, აფხაზეთიდან დევნილი ნათელა მარღანია თითქმის ყოველ კვირას ჩამოდის ზუგდიდიდან თბილისში. იქ, სადაც ბევრ ხალხს დაინახავს, ჩამოჯდება და  მისი ნამოწაფარის მიერ ნაჩუქარ ფანდურზე უკრავს… 93 წლის არის და ამბობს, რომ პენსია არ ჰყოფნის, არადა, საკვებს თავი რომ დავანებოთ, წამლები სჭირდება.

„გაუსაძლისი მდგომარეობა მაქვს, არ მაქვს საშუალება რამე რომ ვიყიდო, ყველაფერი ძვირია, საჭმელი, სასმელი. დევნილი ვარ, იქ სახლ-კარი გადამწვარია, არაფერი მაქვს, ახლა რა უნდა ვიშოვო მე. ფანდურზე დაკვრა ვიცოდი და ამით ცოტა ფულს ვშოულობ, კაპიკებს, მეტი  რა უნდა ვქნა, მოხუცი ვარ“, – ამბობს ნათელა მარღანია.

თბილისში ერთი კვირით ჩამოდის ხოლმე. ამბობს, რომ აქ ბინის დაქირავება ძვირია, ამიტომ საწოლს ქირაობს, სადაც ერთ ოთახში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. ამ ერთ საწოლში დღიურად 2 ლარს იხდის.

„სახლის პატრონი ამბობს, აქედან მიბრძანდითო, რემონტი უნდა გავაკეთოო, ჰოდა, რა ვიცი ახლა, რა ჩემი საქმეა, მე  5-6 დღე აქ მოვდივარ, დანარჩენი დღეები ზუგდიდში ვარ, რა უნდა ვქნა, რა უნდა ვთქვა. მე არ მაქვს არსად ღამის გასათევი, სად უნდა გავათენო, ყველგან ძვირია, მერიაშიც ვიყავი და მითხრეს ჩაწერილი რომ იყო რეესტრში, უსახლკაროთა თავშესაფარში მაინც გაგიშვებდითო“, – ჰყვება აფხაზეთიდან დევნილი ნათელა მარღანია. 

ნათელა მარღანია იხსენებს იმ დღეებს, რომლებიც აფხაზეთში გაატარა. 53 წლის განმავლობაში ის აფხაზეთში დაწყებითი კლასების  პედაგოგად მუშაობდა.

„სოხუმში რაჟდენ გუმბას გუნდში ვიყავი.  სოლოებს ვასრულებდი. დედა, ჩემი აფხაზეთი, ჩემი სოხუმი არასოდეს მავიწყდება, სიკვდილამდე კუბოში ჩამყვება, ის არასოდეს დამავიწყდება, სადაც ბავშვობა გავატარე და ვმუშაობდი. რაც ვიშრომე, რასაც ვშრომობდი და რაც მქონდა, ყველაფერი გადამწვარია, გადაბუგულია, არაფერი მაქვს. ზუგდიდში სხვის სახლში ვცხოვრობ. სოციალურად დაუცველიც არ ვარ, ვიყავი, მაგრამ მომიხსნეს“, – ამბობს ნათელა მარღანია. 

ნათელა მარღანია ამბობს, რომ როცა თბილისში ჩამოდის, საკვებად კათარზისში, სათნოების სახლში მიდის ხოლმე. მისი ყველაზე დიდი სურვილი კი ის არის, რომ უსაფრთხო თავშესაფარი ჰქონდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend