მთავარისაქართველოორგანიზაციას „ცხოველთა მეგობრები“ რუსთავში 60 მიუსაფარი ძაღლი ჰყავს შეფარებული

ორგანიზაციას „ცხოველთა მეგობრები“ რუსთავში 60 მიუსაფარი ძაღლი ჰყავს შეფარებული

ძაღლი, სახელად ყარაჯალა, ორგანიზაციამ „ცხოველთა მეგობრები“ ყარაჯალაში იპოვა. მას მენჯი ჰქონდა მოტეხილი. ყარაჯალა რუსთავში ჩამოიყვანეს და გამოაჯანმრთელეს. ჭია კი თავშესაფრის ყველაზე ახალი ბინადარია. როდესაც ის სამ და-ძმასთან ერთად იპოვეს, ლეკვები ენტეროვირუსით იყვნენ დაავადებული. ლეკვებიდან მხოლოდ ჭია გადარჩა. ეს სახელი კი იმიტომ შეურჩიეს, რომ ძალიან პატარა იყო. „ცხოველთა მეგობრების“ მიერ შეფარებულ ყველა ძაღლს მსგავსი საინტერესო ისტორია აქვს. რუსთავში ისინი 60-ამდე ძაღლს უვლიან.

„ჩვენს ცუგებს უკვე ორი წელია, რაც ვეხმარები. ორი წლის წინ მოვედი. გვყავს ძალიან ბევრი ოთხფეხა მეგობარი. ისინი საჭიროებენ ყოველდღიურ ზრუნვას. მხოლოდ საკვები კი არა, ადამიანთან ურთიერთობაც უნდათ. საკვების გარდა, თუ რაიმე სახის მედიკამენტი ან ექიმი სჭირდებათ, შეძლებისდაგვარად ყველას ყველაფერს ვუკეთებთ. ყოველდღიურად გვიწევს საკვების შეძენა. პურის ბულიონს ვუმზადებთ. ისინი ჩვენს იმედად არიან. ჩვენი მოსვლა ძალიან უხარიათ, რადგან იციან, რომ უნდა მოვეფეროთ და ვაჭამოთ“, – ამბობს ორგანიზაცია „ცხოველთა მეგობრების“ წევრი მაკა იმერლიშვილი.

ორგანიზაცია ირინა ლიკლიკაძემ 12 წლის წინ მას შემდეგ დააარსა, რაც თავად შეესწრო, თუ როგორი სისასტიკით ეპყრობოდა ხალხი მიუსაფარ ძაღლებს. ცხოველების მოვლასთან ერთად, ირინას მიზანი მიუსაფარი ძაღლებისთვის საქართველოში ჰუმანური გარემოს შექმნაა. ახლა ორგანიზაციას ძაღლები სამ ადგილას ჰყავს შეფარებული. თუმცა ეს ადგილები ორგანიზაციის მფლობელობაში არ არის, რადგან მიწის შესაძენად საკმარისი თანხა არ გააჩნიათ. აქ ორგანიზაცია 2020 წელს 7 ძაღლით მოვიდა.

„ჩვენი ყოველდღიური დილემა ასე იწყება. პირველ რიგში, დილიდან ვეძებთ ფინანსებს საკვების შესაძენად ან ისეთ ადამიანებს, რომლებიც პურს, ხორცს, მშრალ საკვებს ნისიად მოგვცემენ. ახლა რუსთავში გვაქვს ცხოველთა მონიტორინგის მუნიციპალური სამსახური, რომლის ვალდებულებაა მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია. ამიტომ აქ ყველა ცხოველი სტერილიზებული და კასტრირებულია. ცოფზე ვაქცინაციას სახელმწიფო აფინანსებს. კომპლექსურ აცრებს კი ჩვენი ხარჯით ვაკეთებთ“, – ამბობს ორგანიზაცია „ცხოველთა მეგობრების“ დამფუძნებელი ირინა ლიკლიკაძე.

ირინა ლიკლიკაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია, დადებითი ძვრები მაინც შეიმჩნევა. ირინა სხვა ცხოველთა დამცველებთან ერთად ცდილობს, რომ საქართველოში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით კანონი შემოვიდეს, რაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებაცაა.

„ცხოველთა დაცვის კანონი მხოლოდ იმას არ ეხება, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ცხოველს. ცხოველთა დაცვის კანონით შესაძლებელია გამრავლების კონტროლიც, მეორე არის სტერილიზაცია, კასტრაცია. სტერილიზაცია და კასტრაცია არის პოპულაციის მართვა და არა გადაშენება. უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ძაღლებს პატრონი ჰყავდეთ და ქუჩაში უსახლკარო ცხოველები არ იყვნენ. ეს გადაშენებას არ ითვალისწინებს, ამიტომ არავის შეეშინდეს. მესამე არის მენტალობასთან ბრძოლა“, – ამბობს ირინა ლიკლიკაძე.

ირინა ლიკლიკაძის თქმით, საქართველოში გაიზარდა შინაური ცხოველების რაოდენობა, თუმცა მიუსაფარი ძაღლების შეფარების მაჩვენებელი კვლავ დაბალია. ხალხს მეტისის შეფარებას ჯიშიანი ძაღლის შეძენა ურჩევნია. ორგანიზაციის დამფუძნებლის სურვილია, რომ ძაღლი უფრო ბევრმა ოჯახმა შეიფაროს, თუმცა ურჩევს ყველას, სანამ ძაღლის აყვანას გადაწყვეტენ, კარგად დაფიქრდნენ და გააანალიზონ, რომ ის ხდება ოჯახის ახალი წევრი, რომელსაც მუდმივი ზრუნვა და ყურადღება სჭირდება.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend