მთავარიგადაცემებითვითმხილველიისრაელ-ჰამასის ომი: ჩიხში შესული ურთიერთობა?

ისრაელ-ჰამასის ომი: ჩიხში შესული ურთიერთობა?

„ევრონიუსის“ კორესპონდენტი ვალერი გორია ისრაელში ჩავიდა და დასავლეთი სანაპიროც მოიარა, რათა თავად გასაუბრებოდა ისრაელელი და პალესტინელი საზოგადოების წვერებს, რომლებიც უპრცედენტო კონფლიქტმა ისე გახლიჩა, როგორც არასდროს.

2023 წლის 7 ოქტომბერს მსოფლიო შეძრა „ჰამასის“ სამხედროების  ელვისებურმა ტერორისტულმა თავდასხმამ, როდესაც ისინი ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთ ნაწილში შეიჭრნენ, დახოცეს 1400 ადამიანი, 220 კი მძევლად აიყვანეს.

ამის პასუხად ისრაელმა უპრეცედენტო  სამხედრო შეტევა განახორციელა ღაზის სექტორზე და პირობა დადო, რომ „ჰამასს“ გაანადგურებდა.

ანტიტერორისტული ოპერაციის „რკინის ხმლების“ პირველ-ორ კვირაში ათასობით პალესტინელი მოქალაქე დახოცეს, მილიონზე მეტმა კი იძულებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

13-იდან 23 ოქტომბრის პერიოდში გადაღებული ეს რეპორტაჟი ისრაელისა და პალესტინის მოქალაქეების მონათხრობს გადმოგცემთ.

მრავალ მათგანს ამ ომმა უბრალოდ მოუკლა მომავალში მშვიდად თანაცხოვრების ყოველგვარი იმედი.

ჰამასის“ თავდასხმის საზარელი შედეგი

ჰამასის“ ტეორისტული თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ ისრაელის არმია პალესტინის ანკლავში საჯაროდ გამოცხადებული სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებოდა. ათობით ათასი რეზერვისტი სამხედრო სამსახურში  გამოიძახეს, ისევე როგორც იმ ბატალიონის წევრები, რომელიც ახლა უკვე საყოველთაოდ ცნობილ კიბუც ბეერისთან არის დაბანაკებული. ეს არის დასახლება, რომელსაც „ჰამასის“ ტერორისტები ყველაზე  სასტიკად გაუსწორდნენ. ამ  1100-სულიანი კიბუცის  მოსახლეობის 10 პროცენტი ამოხოცეს.

იოსი ლანდაუ, ისრაელელი სამხედრო მეთაური – Copyright Euronews

 

სოფელში ისრაელის არმიის შესვლის შემდეგ ისრაელის საზოგადოებრივი ორგანიზაცია  ZAKA-ს მოხალისე მაშველები გააოგნა იმ სისატიკემ, რომელიც ადგილზე  იხილეს.

“პირველივე სახლში, რომელშიც შევედით, ვნახეთ ნაწამები ცოლ-ქმარი, დედ-მამა, რომელთაც ხელები ზურგს უკან ჰქონდათ შეკრული. მათ სხეულის ნაწილები ჯერ კიდევ ცოცხლებს მოკვეთეს,“ – იხსენებს იოსი ლანდაუ,  ZAKA-ს წევრი სამხრეთ ისრაელის მეთაური.. „ მეორე მხარეს კი ორი დახოცილი ბავშვი იყო, ექვსი და შვიდი წლის ბიჭი და გოგო, იმავე პოზაში, ნაწამები.

გადავედით მეორე სახლში. იქ ორსული ქალი პირქვე  ეგდო იატაკზე. გადმოვაბრუნეთ. გამოშიგნული იყო.  მუცელში ჩვილი ჰყავდა. დაუბადებელი ჩვილი, რომელიც ჭიპლარით იყო მიბმული. ბავშვს აშკარად ვხედავდი. უკვე დიდი ბავშვი იყო –  ახანჯლული. დედას კი ზურგში ჰქონდა ტყვია ნასროლი“.

მოქალაქეთა სავარაუდო წამების, სასტიკი მოპყრობის – მათ შორის გაუპატიურებისა და თავის მოჭრის კიდევ ბევრი ამბავი გავიგონეთ.

სასოწარკვეთილი ოჯახები დაუღალავად ეძებენ დაკარგულ წევრებს

იარდენ რომან გატს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – ისრაელისა და გერმანიის. იგი და მისი მული კარმელი ბეერიდან უგზოუკვლოდ დაკარგულ მოქალაქეებს შორის არიან.  იარდენის მშობლების სახლი თელავივის შემოგარენში მდებარეობს და იქიდან მოყოლებული ოჯახის მთელი სანათესავო და სამეგობრო დაუღალავად ეძებს დაკარგულებს. იარდენი თავის ქმართან და გოგონასთან ერთად სტუმრად იყო ჩასული ქმრის ნათესავებთან, როდესაც ისინი ტერორისტებმა შეიპყრეს.

დაკარგული იარდენ რომან გატის ოჯახი – Copyright Euronews

 

ღაზისკენ მიმავალებმა მანქანა მიატოვეს და ტყისკენ გარბოდნენ, როდესაც „ჰამასის“ ოთხმა ტერორისტმა ცეცხლი გაუხსნა მათ. ახალგაზრდა ქალმა ბავშვი ქმარს მიაჩეჩა, რომელმაც მოასწრო გაქცევა, ქალმა კი ვერ შეძლო სწრაფად სირბილი. იარდენი და კარმელი მას შემდეგ არავის უნახავს. იარდენის დედამთილი კი ტერორისტებმა მოკლეს.

“როგორ უნდა უთხრა სამი წლის ბავშვს, რომ მისი ბებო „ცუდმა ადამიანებმა“ მოკლეს საკუთარ სახლში. მან ყველაფერი დაინახა. მას ყველაფერი ესმის. სულ მეშინოდა, რომ მკითხავდა: ისინი დედასაც ასე მოექცევიან?“ – ამბობს დაკარგული იარდენ რომან გატის ძმა ლირი რომანი.

ოჯახმა დახმარებისკენ მოუწოდა გერმანიასა და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას.

“არც კი მინდა, ვიფიქრო, თუ რას უზამენ მათ. ამის გაფიქრებაც კი მზარავს. ეს ყველგან მოხდება მთელ მსოფლიოში. დღეს ისრაელში ხდება, მაგრამ ხვალ ვინ იცის, სად იქნება?“, – კითხვას სვამს ლირი.

ერთი კვირის შემდეგ: დაძაბულობა და სიკვდილიანობა გაიზარდა

ჰამასის“ ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ღაზის სექტორში, რომელიც მუდმივად იბომბება  მას შემდეგ, რაც ისარელმა შეტევა დაიწყო, 1500-ზე მეტი ადამიანი დაიხოცა, ათასობით კი დაიჭრა – მათი თითქმის ნახევარი ბავშვები და ქალები არიან.

ომის გამოძახილი დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმსაც მისწვდა. უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა იერუსალიმის ძველი ქალაქის უბანში, სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ 2500 პოლიციელი და სამხედრო შეიყვანეს მუსლიმანების პარასკევის ლოცვისთვის.

ამ არემარეში მოძრაობა შეწყდა და უსაფრთხოების მიზნით აქაურობას სისტემატურად ამოწმებენ.

შემოწმება უსაფრთხოების მიზნით – Copyright Euronews

 

„ბოლო დროს  ძველ ქალაქში ჩვენი ცხოვრება  ომის გამო ძალიან გართულდა,“ – ამბობს ალი ჯაბერი, აღმოსავლეთ იერუსალიმის მკვიდრი.

„მათ ნაბრძანები აქვთ, რომ გვესროლონ და გვცემონ.  საღამოს 5 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა აკრძალულია“.

ამ დროს ჩრდილოეთ ღაზიდან ხალხმა მასობრივად იწყო გასვლა მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ მილიონზე მეტ ადამიანს 24  საათი მისცა ევაკუაციისთვის, რათა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან სამხრეთით წასულიყვნენ.

გაერომ გააფრთხილა მსოფლიო, რომ უპრეცედენტო მასშტაბის ჰუმანიტარული კრიზისის მომსწრე გახდებოდა.

ჰამასის“ რაკეტები ისევ ბომბავდა სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელს, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონს კი ლიბანის „ჰეზბოლამ“ გაუხსნა ცეცხლი.

120 ათასზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

ქვეყანა განგაშმა მოიცვა.

“მათ მხოლოდ სამხრეთი კი არ უნდათ, უნდათ თელავივიიაფახაიფა და ყველაფერი,“ – ამბობს ერთი ისრაელელი ქალი.

“ვცდილობთ, სამოქალაქო პირები არ დავაზიანოთ, ვეუბნებით მათ: წადით! თავი გადაირჩინეთ. გაეცალეთ „ჰამასს“!“, – უთხრა „ევრონიუსს“ ისრაელელმა კაცმა. “და ევროპას…მათ არ ესმით ეს! თქვენ იქნებით შემდეგი! ისინი ისრაელს არ დასჯერდებიან!“

რისხვა ისრაელის მთავრობას მიუბრუნდა

ისრაელში ზოგი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის პოლიტიკას მიუძღვის წვლილი არსებულ ვითარებაში.

ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ  პირველ შაბათს, ებრაელების დასვენების დღეს, ასობით ისრაელელი გამოვიდა მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე თელავივში, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შენობის წინ. ისინი მძევლების ოჯახებთან ერთად დატყვევებულების დაუყოვნებელ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

შირა ელბაგი, მძევლის დედა საპროტესტო აქციაზე თელ-ავივში – Copyright Euronews

 

„ეს ჩემი გოგონაა, ლირი ელბაგი. ის დილით ადრე პიჟამით წაიყვანეს  ღაზაში. მინდა. რომ დამიბრუნონ ახლა!“ – ამბობს შირა ელბაგი, მძევლის დედა. „ის სამხედრო ბაზაზე იყო, 18 წლისაა. მაგრამ მას არ უნდა ბრძოლა! დარწმუნებული ვარ, არც ღაზაში უნდათ ბრძოლა. არავის უნდა ბრძოლა. ყველას სიცოცხლე უნდა“.

“ის ფაქტი, რომ ისინი ღაზის ყველა მცხოვრებსა და ყველა პალესტინელს ადამიანურ სახეს აკარგვინებენ, ბოლოს ისევ ისრაელელების წინააღმდეგ მობრუნდება,“ – გვიხსნის რონიტ ჩიტაიატ კაში, ადამიანის უფლებადამცველი. „რადგან სწორედ ამაშია საქმე. ამის მიზეზია შურისძიების უსასრულო ციკლი. „ჰამასის“ წინააღმდეგ ყოფნა არ ნიშნავს, რომ  თუნდაც ერთი ბავშვი მოვკლათ ღაზაში.“

დასავლეთ სანაპიროზე იარაღდებიან

დასავლეთ სანაპიროზე ძალადობამ იმატა. ასობით პალესტინელი დააპატიმრეს. გაეროს მიხედვით, 10 დღეში ისრაელის არმიასთან და ამ ჩასახლებულებთან  შეხლა-შემოხლაში 50 პალესტინელი დახოცეს. ეს რიცხვი მომდევნო რამდენიმე კვირაში გასამმაგდა.

იერუსალიმიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ქალაქი ბეითარილითი ერთ-ერთი ყველაზე დიდია გუშეციონის  ებრაულ დასახლებაში. აქ 70 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობაში გაიზარდა შიში მახლობელი პალესტინური სოფლებიდან მოსალოდნელი თავდასხმის გამო მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ 9 ოქტომბერს ქალაქს ღაზიდან რაკეტა ესროლა.

ქალაქის მოსახლეობა დადებითად შეხვდა ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ დასავლეთ სანაპიროს ჩასახლებულებს იარაღი უფასოდ დაურიგოს და შეარბილოს იარაღის ტარებისა და გაცემის წესი. მუნიციპალიტეტმა სამოქალაქო თავდაცვის საწვრთნელი პროგრამებიც დაიწყო.

სამხედრო წრთვნა – Copyright Euronews

ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვებმა 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ პიკს მიაღწია, ისევე როგორც იარაღის იმ მაღაზიაში, რომელიც ისრაელის სამოქალაქო თავდაცვის ყველაზე დიდ საწვრთნელ ცენტრში დგას ბეითარილითის ახლოს. ამ ცენტრში უამრავი სამოქალაქო პირიც მოდის, რათა სროლა ისწავლოს. ბევრ მათგანს აქამდე ხელში იარაღი არასდროს სჭერია.

“როგორც სასწრაფოს თანამშრომელს, პირველ რიგში, სხვისი სიცოცხლის გადარჩენა მსურს. არ მინდა, ვინმე დავაზიანო,“ – ამბობს  კალანიტი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელი. „მაგრამ… ზოგჯერ არჩევანი არ გაქვს. ან შენ უნდა მოკლა, ან ის მოგკლავს. ეს საშინელებაა. იმედი მაქვს, არასდროს დამჭირდება იარაღი“.

ისრაელის შერეულ ქალაქებში განხეთქილება გაღრმავდა

ისრაელის იმ ქალაქებში, სადაც შერეული მოსახლეობაა, საზოგადოება იმაზე მეტად არის გახლეჩილი, ვიდრე ოდესმე. გადაადგილებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს ისრაელის მოქალაქეობის მქონე 2 მილიონ  პალესტინელს.

თელავივის მახლობლად მდებარე შერეული ქალაქებშიც ასეა: ლოდი ისრაელელების არის, ლიდი -პალესტინელების. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ თავს ისრაელის პალესტინელ მოქალაქეებს უწოდებენ, ხოლო ისრაელელები –  ისრაელელ არაბებს, ისრაელის მთლიანი მოსახლეობის 20 პროცენტს შეადგენს. და მაინც შერეულ ქალაქებში მოსახლეობას ეშინია აზრის გამოთქმისა და გარეთ გამოსვლის. ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს ისეთი განსაცდელის წინაშე დგანან, როგორშიც არასდროს ყოფილან.

ჰასან მონაეირი ადამიანის უფლებათა დამცველი და სოციალური მუშაკია. ის ერთ-ერთი იშვიათი ისრაელის მოქალაქეობის მქონე  პალესტინელია ლიდში, რომელიც კომენტარზე დაგვთანხმდა.

ღასან მონაიერი, ადამიანის უფლებათა დამცველი და სოციალური მუშაკი:

ღასან მონაიერი, ადამიანის უფლებათა დამცველი და სოციალური მუშაკი – Copyright Euronews

 

“ხალხს ეშინია. მეც მეშინია. მათ უამრავი ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ლიდში 73 წლის მოხუცი ქალიც დაიჭირეს იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში კომენტარი დადო – ყურანის ციტატა თუ რაღაც ამის მსგავსი. ამიტომ ადამიანებს ეშინიათ, რამე ისეთი არ თქვან, რომ დააპატიმრონ.

ჩვენ, ისრაელის პალესტინელი მოქალაქეები,  უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ვართ, რადგან ორივე მხარეს ვხედავთ. ორივესი გვესმის, ვაღიარებთ, რომ ისრაელში უდანაშაულო ხალხი დახოცეს და ამის წინააღმდეგი ვართ. მაგრამ ღაზაში 2 მილიონ 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათ იმედი სჭირდებათ! თავისუფლება უნდათ! ვერ იცხოვრებენ გალიაში.“

ჩვენთან საუბარი მაჰა ნაქიბისთვისაც სახიფათოა – იგი ქალთა უფლებების დამცველია, რომელსაც ლოდში  არაბული და ებრაული უბნების გამყოფ კედელთან შევხვდით. მაჰას ქმარმა ოჯახის 20 წევრი დაკარგა ღაზაში დაბომბვის დროს.

ახლა სიძულვილისა და ომის ჩაკეტილ წრეში ვართ!“ – ოხრავს  მაჰა ნაქიბი, ქალთა უფლებების დამცველი. „ეს უნდა შევაჩეროთ! ამ ორ ხალხს რეალური გამოსავლის პოვნა სჭირდება! ჩემთვის სულერთია, ეს გამოსავალი ორი სახელმწიფო იქნება თუ ერთი ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ყველა თანაბარი უფლებებით ისარგებლებს. მაგრამ აუცილებლად პოლიტიკური გამოსავალი უნდა მოიძებნოს“.

ასეთი გამოსავლის აღარ სჯერა მედიააქტივის ხანი ლუზის, ორთოდოქსი ებრაული სარწმუნოების მიმდევარ ქალს. მის უბანში ურთიერთობა ორ თემს შორის ძალიან გაფუჭდა იმ ძალადობის შემდეგ, რომელმაც ლოდსა და ისრაელის სხვა შერეულ ქალაქებში  2021 წლის მაისის შემდეგ იფეთქა. ხოლო იმ სუსტი ნდობის ჩანასახი, რომელიც რომელიც აღდგენას ლამობდა, საბოლოოდ მოისპო 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ.

“ის დარბევა, რომელიც ვიხილეთ ქვეყნის შუაგულში,  გვაგონებს წარსულსა და ჰოლოკოსტის ამბებს. ვერ იცხოვრებ ისეთ საზოგადოებასთან, რომლის დევიზიც სიკვდილია. ისრაელელი ვერ შეეგუება მოწოდებას  – სიკვდილი ებრაელებს“ – ამბობს ხანი.   „ტერორსა და იმ საშინელ მხეცობას, რომელიც მათ ჩაიდინეს, არავითარი გამართლება არ აქვს. აღარ არსებობს მათ მეზობლად ცხოვრების არავითარი გზა. ამიტომ ვთხოვთ არაბ ერებს, წაიყვანონ თავიანთი ძმები! აგერაა ღაზა. თუ მართლა შიშობთ, რომ ებრაელები დახოცავენ მათ და გული შეგტკივათ არაბებზე, თქვენს მოძმე არაბებზე, გახსენით კარიბჭე და შეუშვით ისინი!“

ამ რეპორტაჟის გადაღების დროს ღაზაზე ისრაელის საჰაერო და სახმელეთო შეტევა მიმდინარეობდა. „ჰამასის“ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 10 ათასზე მეტი პალესტინელი დახოცეს, მათგან სულ მცირე 4 ათასი ბავშვი იყო.

ისრაელი ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებას ითხოვდა და ამ პირობის დაკმაყოფილებამდე უარი განაცხადა ჰუმანიტარული მშვიდობისკენ მიმართულ ყველა საერთაშორისო მოწოდებაზე.

ამ დროს ლიბანის „ჰეზბოლას“ სამხედრო დაჯგუფებასა და ისრაელის არმიას შორის საერთო საზღვარზე სროლა არ წყდებოდა, რის გამოც მთელ მსოფლიოს რეგიონული კონფლიქტის ეშინოდა.

ავტორი: ვალერი გორია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend