მთავარისაქართველოცვლილებები აბორტის შესახებ ბრძანებაში

ცვლილებები აბორტის შესახებ ბრძანებაში

აბორტის თაობაზე დავა და კამათი თითქოს სამყაროს თანამდევი პრობლემაა. ამჯერად, აბორტი კვლავ განსჯის საგანი ხდება – 2024 წლის პირველი იანვრიდან ქალები, რომლებიც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას გადაწყვეტენ, ვალდებულნი იქნებიან კონსულტაცია არა მხოლოდ მეან-გინეკოლოგთან, არამედ ფსიქოლოგსა და სოციალურ მუშაკთანაც გაიარონ.

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. ამ ცვლილებების  თანახმად, მცირდება მედიკამენტური აბორტის დასაშვები ვადებიც, 10-იდან 7 კვირამდე.

ხუთდღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

აბორტის წინა კონსულტაციისა და ხუთდღიანი მოსაფიქრებელი ვადის ამოწურვის შემდეგ პროცედურამდე ჩატარებული რადიოლოგიური კვლევის შედეგები უნდა ჩაიწეროს და სურათი უნდა განთავსდეს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში.

აბორტის წინა კონსულტაცია ტარდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მიერ კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში.

ქალთა უფლებების დამცველების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიღებულ ცვლილებებს შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს.

მეან-გინეკოლოგისა და რეპროდუქტოლოგის გოგი ცერცვაძის თქმით, სერვისზე შეზღუდვების დაწესება აბორტების რიცხვს არ შეამცირებს. ამისთვის, განათლება და კონტრაცეპტივებზე წვდომის გამარტივებაა აუცილებელი.

ამ დრომდე, უცნობია, იქონიებს თუ არა შეტანილი ცვლილებები გავლენას კვლევებისა და ოპერაციების ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე. არ არის დაზუსტებული კონსულტაციაში ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ჩართვის დანიშნულებაც და ისიც, თუ რამდენად აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს შესაბამისი რესურსები.

საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “საბჭოს წევრებმა განიხილეს აბორტის საგანგაშო სტატისტიკა და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობას”.

თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში აბორტების საერთო რაოდენობა 2012 წლიდან მოყოლებული სტაბილურად იკლებს. 2021 წელს ქვეყანაში 17 774 აბორტია რეგისტრირებული, რაც გასულ წელთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.

ქალთა უფლებების დამცველები აცხადებენ,  რომ მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობაში არ მოდის.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სადაც აბორტის უსაფრთხოდ და ეფექტურად შემცირების გზებია განხილული, ვკითხულობთ:

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, რომ კანონები და პოლიტიკა, რომელიც აიძულებს ქალებს მიიღონ მშობლის ან მეუღლის თანხმობა, სავალდებულო ლოდინის პერიოდები, სავალდებულო ულტრაბგერითი გამოკვლევა და აბორტის წინ მიკერძოებული კონსულტაციები, სამედიცინო თვალსაზრისით საჭიროებას არ წარმოადგენს და ხელს უშლის აბორტის უსაფრთხო სერვისებზე ხელმისაწვდომობას”.

ამ ცვლილებების საჭიროებას კანონმდებლები  დემოგრაფიული ზრდის წახალისებითა და იძულებითი აბორტების პრევენციით ასაბუთებენ.

თუმცა სპეციალისტების აზრით, საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აბორტის სერვისზე დამატებითი ბარიერების დაწესება ეფექტურ სტრატეგიას არ წარმოადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend