მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთსა და ევროკავშირს შორის დაპირისპირება მწვავდება

უნგრეთსა და ევროკავშირს შორის დაპირისპირება მწვავდება

ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის ორმხრივი ურთიერთობების დეგრადაცია გრძელდება. უნგრეთის დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდა მმართველი პარტიის მიერ შექმნილი ბილბორდები, რომლებზეც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ცნობილი მეწარმის ჯორჯ სოროსის შვილ ალექს სოროსთან ერთად არის აღბეჭდილი. უნგრეთში ჩატარდება აგრეთვე, ეგრეთწოდებული ეროვნული კონსულტაცია, ერთგვარი რეფერენდუმი, რომელიც ევროკავშირსა და უნგრეთს შორის ურთიერთობებს შეეხება.

უნგრული ქალაქების ქუჩები მოფენილია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ფოტოთი გაფორმებული ბილბორდებით.

ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ბილბორდზე გამოსახულია ცნობილი მეწარმის, ჯორჯ სოროსის ერთერთი შვილი ალექს სოროსი. მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის ერთერთი ქვაკუთხედი სწორედ ევროსკეპტიციზმია.

ბილბორდებზე წერია: „არ ვართ ვალდებულნი, მათ დაკრულზე ვიცეკვოთ“.

უნგრეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ დაიძაბა. ვიქტორ ორბანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებიდან ერთადერთია, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინს პირისპირ შეხვდა.

ვიქტორ ორბანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჩინეთში, 17 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright Grigory Sysoyev/Kremlin pool photo via AP

ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი: “დარწმუნებული ვარ, რომ ბრიუსელის მიერ შეთავაზებულ ევროპულ მოდელზე უარი უნდა ვთქვათ. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ, რადგან ეს მოდელის შენარჩუნება შეუძლებელია, მას მომავალი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ბრიუსელში ევროპას ანადგურებენ. ბრიუსელში არსებული ხედვა მოძველებულია, მსოფლიო შეიცვალა, თუ ამ ცვლილებებს ფეხს ვერ ავუწყობთ, ევროპული გემი ჩაიძირება, ამ მოდელს ქაოსისკენ მივყავართ”.

ვიქტორ ორბანის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის ცვლილებასა და მასში ანტიევროპული დებულებების გაძლიერებას აკვირდებიან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებიც.

პეტერ კრეკო, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი: “ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უნგრეთი არის ერთადერთი, რომელიც ორგანიზაციის წინააღმდეგ მიზანმიმართულ და ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ანტიევროპულ კამპანიას აწარმოებს, ეს მე ბრექსიტის კამპანიას მაგონებს. მოწმენი ვართ თვითგანადგურების მომტანი საგარეო პოლიტიკის წარმოებისა, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის რიგებში იზოლირებულია, ეს არა მხოლოდ სიმბოლური თვალსაზრისით არის დამაზიანებელი, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც. უნგრეთის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია”.

ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის მიმდინარე დაპირისპირების მიუხედავად ევროკავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ბრიუსელი უნგრეთს 900 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის ფინანსურ სახსრებზე წვდომას გაუხსნის, მთავარი მიზანი უნგრული მხარის წინააღმდეგობის დაძლევაა, როდესაც საქმე უკრაინისთვის დახმარების გაწევის მხარდაჭერას გულისხმობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend