მთავარისაქართველო„თავისი უფლება უნდა დაიცვას ყველამ"...

„თავისი უფლება უნდა დაიცვას ყველამ”…

ნინო ფოსური ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში მოლარე-კონსულტანტად მუშაობდა. ერთ დღეს კი, იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნინომ ჩათვალა, რომ ის უსამართლოდ გაუშვეს სამსახურიდან, ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი უფლებები დაეცვა.

“მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობდა,  შენ ვინ მოგაგებინებს, დიდი კომპანიები არიან, ძალიან ბევრი ფული აქვთ, შენ რომ იჩივლებ, ამას დიდი დრო სჭირდება, სად გაქვს მაგის ნერვები, ყველანაირად უარყოფითი მუხტი ჰქონდათ და მე კიდევ პირიქით, მინდოდა, რომ ბოლომდე მიმეყვანა, რომ სხვებისთვისაც მაგალითი ყოფილიყო”,- ჰყვება ნინო ფოსური. 

და ნინო ფოსურმა იჩივლა…. სანამ იჩივლებდა, სოციალურ ქსელში თავისი ამბავი მოჰყვა, ადამიანებმა ურჩიეს, რომ მას  არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მიემართა. ნინო ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის იურისტთან ერთად სცადეს კომპანიასთან მოლაპარაკება, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ ნინომ სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა.

გიორგი მაზმიშვილიც ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში მუშაობდა მოლარედ. ამბობს, რომ სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს,  რომ უარს აცხადებდა იმ სამუშაოს შესრულებაზე, რაც არ ევალებოდა.  თუმცა მიზეზად, სულ სხვა რამ  დაუსახელეს.

“დარღვევა იქნება თუ რაც იქნება, თავი არავინ უნდა შეიკავოს და შრომის ინსპექციას უნდა მიმართოს პირველ რიგში, შემდგომ უკვე მიხვდებიან, სამართლებრივად რა დონეზე და რა ეტაპზე უნდა წასწიონ საქმე, რომ თავისი უფლებები დაიცვას ნებისმიერმა”,- ამბობს გიორგი მაზმიშვილი. 

არავის ეგონა, რომ გიორგი საქმეს მოიგებდა. ერთწლიანი დავის შემდეგ სასამართლომ დააკმაყოფილა გიორგი მაზმიშვილის ყველა მოთხოვნა და გაამართლა.

ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის “არამონობას” იურისტი დავით გაბუნია ამბობს, რომ მათ ორგანიზაციას ძირითადად, შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით  მიმართავენ ადამიანები და მათ შორის არიან ისინი, რომლებსაც   უკანონოდ ათავისუფლებენ სამსახურიდან.

“დასაქმებულებს უჩნდებათ ისეთი შეგრძნება, რომ კანონი არ იცავს მათ, ხშირია ასეთი შეკითხვა, რომ კანონი საერთოდ გვაქვს, ანუ შრომის კოდექსი საერთოდ გვაქვს, ანუ იცავს ვინმე ამ შრომის კოდექსს? ძალიან კარგი იქნებოდა ჩვეულებრივი დასაქმებულებისთვის თუ მეტი საშუალებები გამოიძებნებოდა, მათი ცნობიერების ამაღლების კუთხით და შრომის ინსპექციაც შესაბამისად, შეეცდებოდა, უფრო მეტი რესურსი ჩაედო ამ ნაწილში, რომ დასაქმებულებმა იცოდნენ, ჩვენნაირი ორგანიზაციები იქნებიან თუ სახელმწიფო დაწესებულებები, მათ აქვთ იმის კომპეტენცია და საშუალება, რომ ამ ადამიანებს დაეხმარონ”, – ამბობს დავით გაბუნია, ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის “არამონობას” იურისტი. 

იურისტის თქმით, ბოლო წლებში სასამართლოს სულ უფრო ხშირად მიმართავენ შრომითი დავებით.

“პოზიტიური ნაწილი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ადამიანებმა ისწავლეს მათი უფლების დაცვა ანუ კონკრეტულად რა უფლება ირღვევა, თუმცა მეორეს მხრივ, ეს ნეგატიური ნაწილია იმიტომ, რომ უფლებების დარღვევა დამსაქმებლის მხრიდან კვლავაც გრძელდება, რაც საბოლოოდ გვიქმნის იმ სურათს, რომ დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი დასაქმების ადგილას ვერ იღებს იმ უფლებრივ დაცულობას, რაც გარანტირებულია მინიმუმ შრომის კანონმდებლობით”, – ამბობს იურისტი დავით გაბუნია. 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend