მთავარისაქართველოსაქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის დოკუმენტი გამოაქვეყნა

საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის დოკუმენტი გამოაქვეყნა

საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დეოლიგარქიზაციის დოკუმენტი შვიდი მიმართულებით ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას, მათ შორისაა: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მართლმსაჯულება, მედიის პლურალიზმის გაძლიერება და მედიამფლობელობის გამჭვირვალობა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ის საკითხები, რომლებიც დოკუმენტშია, იყო ვენეციის კომისიის რჩევა. მათივე თქმით, ოპოზიციამ არგუმენტირებულად უნდა თქვას, მათი აზრით, რა უნდა იყოს დამატებული ან გამოკლებული.

„ჩვენ სამოქმედო გეგმა ჰაერიდან არ მოგვიტანია. ჩვენ ის საკითხები, რაც არის ასახული, ჩვენით არ მოგვიგონია. ეს იყო ვენეციის კომისიის რჩევა, რომ სისტემური გზით პარტიების დაფინანსების საკითხი, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, ანტიკორუფციული მიმართულების ნაწილი და სხვა ერთ დოკუმენტში აგვესახა. ჩვენ ამ რჩევის გათვალისწინებით ეს საკითხები ავსახეთ. რომელია მათი აზრით ფასადური და რომელი უნდა იყოს დამატებული, ან გამოკლებული, გვითხრან არგუმენტირებული პოზიცია“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც დოკუმენტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ეხება. სამოქმედო გეგმის თანახმად, იურიდიულ პირებს საარჩევნო შემოწირულების გაკეთება აეკრძალებათ, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს ხარჯების ანგარიშების გამოქვეყნება მოუწევთ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არ არის დეოლიგარქიზაციის შესახებ წინადადება, არამედ არის დოკუმენტი, სადაც მიმობნეულია იდეები სხვადასხვა მიმართულებით.

„ეს არ არის დეოლიგარქიზაციის შესახებ წინადადება, ესაა მიმობნეული იდეები სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, შესყიდვებისა და ტენდერების პროცედურა როგორ უნდა გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ.

8 ნოემბერს ევროკომისიამ გარკვეული დათქმებით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. 9 დათქმას შორის ერთ-ერთ მიმართულებად დასახელებული იყო: მიმდინარე სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend