მთავარისაქართველოსაფრთხეები რუსეთიდან

საფრთხეები რუსეთიდან

როგორ უნდა დააღწიოს თავი საქართველომ რუსეთიდან მომავალ რისკებს – ამ თემაზე დღეს, 22 ნოემბერს, იმსჯელეს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაზე და ამავე თემაზე ორგანიზაციამ პოლიტიკის დოკუმენტიც წარმოადგინა.

“პუბლიკაცია შედგა ნატოს სამოკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით და ამ პუბლიკაციის მიზანი არის გამოავლინოს ის რისკები, რომლებიც ახლავს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას განსაკუთრებით მედეგობის კონტექსტში. კონკრეტულად ამ პუბლიკაციაში პოლიტიკის დოკუმენტში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა დააღწიოს თავი საქართველომ იმ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან“, – ამბობს, კორნელი კაკაჩია, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი. 

როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მოსახლეობას, ქვეყანაში მოქმედ ექსპერტებსა და ხელისუფლებას მთავარ გლობალურ საფრთხედ რუსეთი მიაჩნიათ. თუმცა აქ დეტალებში განსხვავებაა, ხელისუფლებისთვის მთავარი საფრთხე რუსეთთან ომში ჩართვაა.

ექსპერტების, მოსახლეობისა და ხელისუფლების წარმოდგენები  მეტად განსხვავებულია ადგილობრივ რისკებზე. მაგალითად, თუ ექსპერტები მიიჩნევენ მთავარ საფრთხედ ოლიგარქიას, მოქალაქეები მთავარ გამოწვევაზე საუბრისას სოციალურ ეკონომიკურ საკითხებზე მიუთითებენ. ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ ქვეყნის მთავარი შიდა გამოწვევა ოპოზიცია და რეჟიმის უსაფრთხოებაა.

“განსხვავება არსებობს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის იმიტომ, რომ ხელისუფლება არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პოლიტიკური ინტერესები და არამხოლოდ პოლიტიკური ინტერესები, ხელისუფლებას ობიექტური და ლოგიკური ინტერესი აქვს, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩეს ძალაუფლების რგოლში, რომ მართოს ქვეყანა, საზოგადოების ინტერესები აბსოლუტურად არა, მაგრამ მეტ-ნაკლებად განსხვავებულია და აი, ეს სხვაობა ამ ინტერესებს შორის აისახება სწორედ იმ განსხვავებულ აღქმებში, რაც რისკებს უკავშირდება”, – ამბობს “საქართველოს უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი ლაშა ძებისაშვილი. 

პოლიტიკის დოკუმენტის ავტორები ადგენენ, რომ ახლა, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური გამწვევების დროს, საქართველოს არ აქვს ე.წ. ფსიქოლოგიური მედეგობა, რაც ნაწილობრივი პოლარიზაციის შედეგია. ისინი ხელისუფლების მიმართ რეკომენდაციებსაც გასცემენ. მათ შორის ამბობენ, რომ უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება რუსეთთან, უნდა შეიქმნას სტრატეგიული მარაგები, რათა მოსკოვს არ ჰქონდეს ქვეყანაზე ზეწოლის ძლიერი ბერკეტი და ასევე ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა რუსეთის ან ჩინეთის ხელში არ აღმოჩნდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend