მთავარისაქართველოსაარჩევნო ბარიერის ცვლილების შესახებ პოლიტიკური დავა გრძელდება

საარჩევნო ბარიერის ცვლილების შესახებ პოლიტიკური დავა გრძელდება

“ქართული ოცნების” მიერ ქართველი ხალხისთვის, პოლიტიკური ოპონენტებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული პირობა, საარჩევნო ბარიერის დაწევის შესახებ, პოლიტიკური ორჭოფობის საკითხად იქცა. მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული კანონის პროექტი საარჩევნო ბარიერის 5-იდან 2% პროცენტამდე დაწევის შესახებ პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და მას ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი. თუმცა იგივე მმართველი პარტიის ლიდერები ბოლო პერიოდში ამბობენ, რომ ბარიერის დაწევას მხარს აღარ უჭერენ და არც საჭიროდ მიიჩნევენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამის ერთ-ერთ მიზეზად ცოტა ხნის წინ პოლონეთში ჩატარებულ არჩევნებსაც იშველიებს, სადაც 5%-იანი ბარიერი მოქმედებდა.

“ბარიერის საკითხი უნდა დაიხუროს, რადგან ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხუთ პროცენტთან, ზოგიერთი აწევასაც ითხოვს, ამიტომ ვფიქრობ, ეს თემა დახურულია მათთვისაც. ახლახან პოლონეთში ჩატარდა არჩევნები, იყო ხუთპროცენტიანი ბარიერი და ხუთმა პარტიამ გადალახა, ხელისუფლებაც კი შეიცვალა, ამიტომ ოპოზიციაში უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის. გადამწყვეტი არის არა ბარიერი, გადამწყვეტი არის ხალხის ნება. ხალხის ნება ბოლო ათი წლის განმავლობაში რაც არის, ეს კიდევ ერთხელ გამოვლინდება 2024 წელს. ქართველი ხალხი ანტიქართულ პლატფორმებს მხარს არ დაუჭერს. სხვანაირად როგორ უნდა აუხსნა? როდესაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან, ქართველი ხალხი მათ მხარს არ უჭერს, ეს არის აქსიომა, ელემენტარული ჭეშმარიტება. ვინც არის ანტიქართულ პლატფორმაზე და ემტერება საკუთარ ხალხს, მას ხალხი არ აძლევს ხმას. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბარიერი პრობლემა არ არის, ევროკავშირი აცხადებს, რომ ხუთი პროცენტი არის ადეკვატური. ესეც გახლავთ ანტიევროპული დეზინფორმაცია, ხდება ისე წარმოჩენა, თითქოს ევროკავშირი ითხოვს საქართველოში ბარიერის დაწევას. ეს არის ანტიევროპული დეზინფორმაცია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ “ქართული ოცნება” ბარიერს არ დაწევს, ეს იქნება მმართველი პარტიის მხრიდან პირობის დარღვევის მორიგი ფაქტი. მმართველი პარტიის ოპონენტების განცხადებით, ბარიერის არ დაწევის შემთხვევაში ქართულ საზოგადოებას ნაკლები შანსი ექნება მიიღოს მრავალპარტიული, შესაბამისად, მრავალფეროვანი პარლამენტი.

„ბარიერის დაწევა იყო “ქართული ოცნების” დაპირება ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის დროიდან მოყოლებული და არაერთი “გადაგდების” სერია გვახსოვს “ქართული ოცნების” მხრიდან. ბოლო იყო ასეთი შარლ მიშელის შეთანხმება და პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება 2%-იან ბარიერთან დაკავშირებით, ისევე როგორც ირაკლი კობახიძის დაპირება, რომ თუ სტატუსის გადაწყვეტილება იქნებოდა, ისინი ბარიერს დაწევდნენ. შესაბამისად, მათი მანიპულაცია რომ არავინ არ სთხოვთ ბარიერის დაწევას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ისინი უარყოფენ საკუთარ პირობას და არც ეუხერხულებათ მორიგი “გადაგდება” არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ ხალხის, რადგან 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში ნაკლები მოქალაქის ხმა იქნება ასახული პარლამენტში. ამ მოცემულობაში ეს არც თუ ისე დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობია მრავალპარტიული პარლამენტის მიმართულებით. მაგრამ ჩვენ რა მოცემულობაც გვაქვს, ამ მოცემულობით უნდა შევძლოთ “ქართული ოცნების” ძალაუფლებიდან გაშვება. ამისთვის კი აუცილებელია ძალთა გადანაცვლება, გაძლიერება, რამდენიმე ალტერნატიული ცენტრის გაჩენა. მიმაჩნია, რომ იმ პარტიების რესურსი, რომლებიც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, არ უნდა იყოს დაკარგული “ქართული ოცნების” სასარგებლოდ”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პირველად დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, სრულად პროპორციული წესით იცვლება, ჯერ ისევ უცნობია, 5%-იანი თუ უფრო დაბალი ბარიერით ჩატარდება. 2%-იანი ბარიერის კანონპროექტი ელის ახლა პარლამენტში მეორე მოსმენას, რომელიც შესაძლოა, საგაზაფხულო სესიაზე გადავიდეს განსახილველად.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend