ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას განაგრძობენ. შედგა შეთანხმება რამდენიმე ათეული მძევლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ უცნობია, ეს როდის მოხდება. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს ჩრდილოეთ საზღვრებთან შეტაკების რიცხვი “ჰეზბოლას” შენაერთებთან გაზრდილია. ჩრდილოეთ ღაზა ალყაშია მოქცეული და ბრძოლა თავად ქალაქ ღაზაშიც იმართება. ევროკავშირი კი მიესალმება მხარეებს შორის დროებით ცეცხლის შეწყვეტისა და რიგი ტყვეების გაცვლისა და გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, გრძელდება სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანიც ღაზის სექტორში ტერორისტული ინფრასტრუქტურის მოსპობა, ტერორისტების განადგურება და ტერორისტების კუთვნილი ტყვია-წამლის საცავების ხელში ჩაგდებაა.
სამხედრო მოქმედებების მასშტაბი და დინამიკა გაზრდილია ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრებთან. იერუსალიმში აცხადებენ, რომ “ჰეზბოლას” შენაერთების მიერ მიტანილი დღიური იერიშების რიცხვი გაორმაგებულია.
გრძელდება ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ მიდამოებში იერიშის მიტანაც.
საარტილერიო შეიარაღებით გრძელდება “ჰამასის” თავდაცვითი ზღუდეების დაშლა, შემდეგ კი სახმელეთო ძალებით იერიში, რომლის შედეგადაც მხოლოდ ბოლო 48 საათის განმავლობაში “ჰამასის” კუთვნილი 70-ზე მეტი სამხედრო ობიექტია განადგურებული.
Yesterday, the IDF Chief of the General Staff, LTG Herzi Halevi, joined IDF Reservists within Gaza and shared an important message:
“You should know that your work in the ground maneuver also creates better conditions for bringing back the hostages.”
The IDF’s ground operations… pic.twitter.com/9D57PsQ5QF
— Israel Defense Forces (@IDF) November 21, 2023
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მალე გამოაცხადებენ თარიღს, როდესაც “ჰამასსა” და ისრაელს შორის დროებითი ზავი დაიწყება. შედეგად მოხდება “ჰამასის” მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლება და ასევე რიგი სამხედრო ტყვეების გაცვლა, საუბარია, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების 50-ამდე მოქალაქეზე. საპასუხოდ ისრაელი 150-ამდე პალესტინელს გაათავისუფლებს.
პიტერ ლერნერი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი: “ჩვენ ცეცხლს დროებით შევწყვეტთ. ეს ოპერატიული პაუზა იქნება. პოზიციებს არ დავტოვებთ. მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, “ჰამასს” არ ვენდობით, წარსულში ასეთი ზავი “ჰამასმა” გამოიყენა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობისა და გატაცებისთვის”.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის დროებით ზავს მიესალმნენ ევროკავშირშიც.
იანეზ ლენარჩიჩი, კრიზისის მართვის კომისარი: “ჩვენ მთელი გულითა და სულით მივესალმებით მხარეებს შორის დროებითი ზავისა და ტყვეთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას. ეს აუცილებელია, ასევე აუცილებელია დანარჩენი ტყვეების გათავისუფლებაც. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა ჰუმანიტარული ვითარება ღაზის სექტორში გამოსწორდეს”.
Statement by President @vonderleyen on the agreement between Israel and Hamas on the release of hostages and a pause in hostilities ↓
— European Commission (@EU_Commission) November 22, 2023
ახლო მომავალში ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების მიუხედავად ბრძოლა გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მიტანილი ავიაიერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.