მთავარიევროპაუკრაინაურსულა ფონ დერ ლაიენი: „ევრომაიდნის ზამთრის ცივმა ღამეებმა სამუდამოდ შეცვალა ევროპა“

ურსულა ფონ დერ ლაიენი: „ევრომაიდნის ზამთრის ცივმა ღამეებმა სამუდამოდ შეცვალა ევროპა“

ევრომაიდნის აქციები 10 წლის წინ 21 ნოემბერს დაიწყო. საპროტესტო ტალღა კიევში უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შეჩერებამ გამოიწვია.

“ევრომაიდნის ზამთრის ცივმა ღამეებმა, სამუდამოდ შეცვალა ევროპა”, – ეს სიტყვები ურსულა ფონ დერ ლაიენს ეკუთვნის, დღეს თქვა… 2023 წლის 21 ნოემბერს. ევრომაიდნის აქციები 10 წლის წინ კიევში, ზუსტად ამ დღეს დაიწყო…

ევროკავშირის დროშებში გახვეული უკრაინელები ნოემბრის ცივ დღეებში გვერდიგვერდ იდგენენ და ასე იცავდნენ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ერთად იდგნენ ახალგაზრდებიც და მათზე ცოტა ან ბევრად დიდებიც – ისინი ვინც ფიქრობდნენ, რომ უკრაინა ევროპაა და რომ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს.

აი, რას ამბობდნენ 10 წლის წინ აქციაზე მყოფი ადამიანები:

“არ მინდა ჩემი მშობლები ისე მოხუცდნენ, რომ არ იცოდნენ რას ნიშნავს დემოკრატია. არ მინდა ჩემმა შვილებმა ის გზა გაიარონ, რაც ჩემმა მშობლებმა”.

“ჩვენ ყოველთვის გვქონდა იმედი… იმედი არ დაგვიკარგავს მაშინ, როდესაც ბოლშევიკები გვებრძოდნენ. იმედი არ დაგვიკარგავს მაშინ, როდესაც ნაცისტური გერმანია გვბომბავდა. იმედი არ დაგვიკარგავს არც მაშინ, როცა საბჭოთა კავშირს გამოვეყავით. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იმედი ყოველთვის გვქონდა და გვექნება!”

“ჩვენთვის ბელორუსებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, უკრაინის ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს, რომ უკრაინელები ჩვენზე წინ წავიდნენ და უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვახერხოთ ჩვენც იგივე”.

“ჩვენი ისტორია ევროპაა, ჩვენ ევროპა ვართ. და ასე გავაგრძელებთ”.

საპროტესტო ტალღა კიევში უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შეჩერებამ გამოიწვია. აქციების დაწყებიდან მალევე გაჩნდა პირველი მსხვერპლი, მთავრობა დათმობაზე არ მიდიოდა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის კანონებს იღებდნენ. მალევე პროტესტი კიევის ფარგლებს გასცდა და უკრაინის მთელი ტერიტორია მოიცვა. ამასთან, ოპოზიციამ უკვე უკრაინის პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ცხოვრება იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი იანუკოვიჩი იყო, მათთვის დამამცირებელი იყო და პრორუს პრეზიდენტს რუსეთში გაქცევისკენ მოუწოდებდნენ.

დაძაბულობა იზრდებოდა, პოლიციასთან შეტაკებებს სულ უფრო და უფრო მეტი მსხვერპლი ჰყავდა, აქციის ათობით მონაწილე ქუჩაში დახვრიტეს და მიუხედავად ამ ურთულესი ვითარებისა, პროტესტი ძლიერდებოდა, ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში – ევროპული ღირებულებების დასაცავად. და 21 თებერვალს ვიტორ იანუკოვიჩი გაიქცა… როგორც ურჩევდნენ, რუსეთში… თუმცა ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული უკრაინისთვის არ შეწყვეტილა…

უკრაინაში დღესაც იბრძვიან, ომია უკვე 635 დღეა, თუმცა ზუსტად ამდენივე დღეა სულ უფრო და უფრო უახლოვდება იმ მიზანს, რისთვისაც „ღირსების რევულუციის“ დროს იბრძოდნენ და რასაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


და დღეს, სულ ცოტა დროა დარჩენილი მანამ, სანამ უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მოლაპარაკებებს დაიწყებს. დღეს „ღირსების რევოლუციის“ მე-10 წლისთავს აღნიშნავენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს ეს დღე ასე მიულოცა:

“ღირსების, სიამაყის, თავისუფლებისკენ სწრაფვის ათი წელი. ევრომაიდნის ზამთრის ცივმა ღამეებმა სამუდამოდ შეცვალა ევროპა. მთელი ერი გამოვიდა ქუჩებში და ერთხმად თქვა: უკრაინა ეკუთვნის ევროპას, ჩვენი მომავალი ჩვენვე გვეკუთვნის. სწორედ ამის გამო გაეხვია უკრაინელი ხალხი ევროკავშირის დროშებში. არ შეუშინდნენ სნაიპერებს, პოლიციის კორდონს, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი მომავალი თავად გემართათ. დღეს, როგორც არასდროს, ცხადია, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, ბოლოს და ბოლოს დაიწყო. დიდება უკრაინას! გაუმარჯოს ევროპას!” – ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend