ლონდონის სააჩის გალერეა ზამთრის სეზონისთვის ორ ახალ გამოფენას მასპინძლობს: ერთი გამოფენა, სახელწოდებით „უსაზღვროება“ არის რეტროსპექტივა, რომელიც კრისტო და ჟან-კლოდის სახელით ცნობილი შემოქმედებითი წყვილის სამყაროს აცნობს მნახველს. ხოლო მეორე გამოფენა სახელწოდებით „თუ ახლა არა, როდის?“ ეხება დროის თემატიკას და ისეთ გადაუდებელ პრობლემებს, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი რესურსები.
ლონდონის სააჩის გალერეა ზამთრის სეზონზე ორ შესანიშნავს გამოფენას მასპინძლობს. ერთი ეძღვნება შემოქმედებით ტანდემს, რომელმაც საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა ხელოვნებაზე, რომელშიც მუშაობდნენ. მეორე კი მოქანდაკე ქალების შემოქმედებას წარმოაჩენს.
„უსაზღვროება“
გამოფენა, სახელწოდებით „უსაზღვროება“ არის რეტროსპექტივა, რომელიც კრისტო და ჟან-კლოდის სახელით ცნობილი შემოქმედებითი წყვილის სამყაროს აცნობს მნახველს. მათ ნამუშევრებს შორის არის ქსოვილში გახვეული მონუმენტური შენობები, მათ შორის გერმანული რაიხსტაგიც.
“კრისტო თავადაც ვერ გეტყოდა, თუ რამ უბიძგა შენობების გახვევისკენ, მაგრამ თავიდან მცირე შენობებით დაიწყო, მერე სულ უფრო დიდ შენობებზე გადავიდა“, – ამბობს კრისტო და ჟან-კლოდის ფონდის წარმომადგენელი მატიას კოდენბერგი.
„მერე მუზეუმებისა და გალერეის სივრცეც აღარ ეყო და გარეთ გავიდა ბუნებასა და ქალაქებში, რათა ხალხი უშუალოდ შესჯახებოდა ხელოვნებას.“
2021 წელს პარიზში 50 მეტრის სიმაღლის მქონე ტრიუმფალური თაღი გაახვიეს ქსოვილში. ეს იყო კრისტოსა და ჟან-კლოდის ოცნება მას შემდეგ, რაც 1960-იან წლებში ამ თაღის მახლობლად ქირაობდნენ ბინას. ამ სანახაობას ვერცერთი ვერ მოესწრო, თუმცა მათმა ფოტოგრაფმა ვოლფგანგ ვოლცმა ეს შეძლო.
„კარგი იქნებოდა, ისინი მოსწრებოდნენ ამ ფარდის შემოხვევას, რადგან დარწმუნებული ვარ, ძალიან მოეწონებოდათ“, – ამბობს ვოლფგანგი.
შემოქმედებითი წყვილის მემკვიდრეობა კი სიცოცხლეს აგრძელებს. „მასტაბა“ მათი კიდევ ერთი არტისტული ხედვაა, რომელსაც შესაძლოა ხორციც კი შეესხას.
„მასტაბას იდეა 1970-იან წლებში გაჩნდა,“ – განმარტავს სააჩის გალერეის უფროსი პროგრამისტი ლილი უოტერტონი. „ამის იდეა ის არის, რომ აშენდეს დიდი პირამიდა ნავთობის ჩასასხმელი კასრებისგან. კრისტო ოცნებობდა, რომ ის გიზის პირამიდაზე მაღალი ყოფილიყო“.
„თუ ახლა არა, როდის?“
სააჩის გალერეის ზამთრის გამოფენაზე 30 მოქანდაკე ქალის ნამუშევრებია წარმოდგენილი. გამოფენას ჰქვია: „თუ ახლა არა, როდის?“ და ის დროის თემატიკას შლის. აქ გამოფენილი ნამუშევრები წარმოაჩენს ისეთ გადაუდებელ პრობლემებს, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი რესურსები. ეს ნამუშევარი გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ მოქანდაკეს დებორა დაფინს ეკუთვნის.
გამოფენის თანაკურატორი ანა ფრანსის დუგლასი:
“ეს მოქანდაკე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ელექტრომოწყობილობებზე. მართლაც, წარმოუდგენელია, თუ რა რაოდენობით წიაღისეულს მოიპოვებენ მთელ მსოფლიოში, რათა ტექნოლოგიური აპარატურა აწარმოონ.
მოქანდაკე ნამდვილად იპყრობს ყურადღებას თავისი მსუბუქი ხელწერით, რაც ამ რესურსების მყიფე მდგომარეობაზე მიგვითითებს.“
ორივე გამოფენა: „თუ ახლა არა, როდის?“ , ასევე კრისტო და ჟან-კლოდის „უსაზღვროება“ ლონდონის სააჩის გალერეაში 22 იანვრამდე გაგრძელდება.
ავტორი: დამონ ემბლინგი