„ჰამასის“ მიერ მართულ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელმა ინდონეზიურ საავადმყოფოზე მიიტანა იერიში. თავდასხმიდან რამდენიმე საათში საავადმყოფოდან 200-ამდე პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პალესტინელთა ტერიტორიის ჩრდილოეთით მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი.
ისრაელის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ თავის ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამხედროებმა ქალაქ ღაზის ერთ-ერთ მეჩეთში იარაღის საწარმო აღმოაჩინეს.
შეერთებულ შტატებში კი აცხადებენ, რომ აქტიურად მუშაობენ მძევლების დასახსნელად
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი ამბობს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებენ „ჰამასის“ მიერ გატაცებული ადამიანების დასახსნელად, რომელთა შორის არიან, ბავშვები და ამერიკის მოქალაქეები. მისი თქმით, კონკრეტულ შედეგებთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან. თუმცა მიზნის მიღწევამდე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი.
როგორც „ჰამასის“ მიერ ერთ-ერთი გატაცებულის ნათესავი უდი გორენი ამბობს, მას ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა უთხრეს, რომ პრიორიტეტი არა მძევლების დახსნა, არამედ „ჰამასის“ დამარცხებაა. იგი კი ფიქრობს, რომ ახლა, პირველ რიგში, დატყვევებულთა გათავისუფლებაა საჭირო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ჰამასი“ არ უნდა დაამარცხონ, უბრალოდ, მისი აზრით, ახლა მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრაა.
„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შვიდი კვირის განმავლობაში დაიღუპა 13 000 პალესტინელი, მათ შორის 5500-ზე მეტი ბავშვია.