ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. საქართველოში კი ევროკომისიის მიერ დაწესებული 9 ახალი ნაბიჯის შესრულებაზე მიდის მსჯელობა პოლიტიკურ აქტორებს შორის.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველ პარტიას მოუწოდებს, რომ კონსტრუქციულად ჩაერთონ ერთობლივ სამუშაოებში და “ქართულმა ოცნებამ” გამოხატოს რეალური პოლიტიკური ნება საკვანძო რეფორმების განხორციელებისთვის.
„პარტიის “საქართველოსთვის” საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს და 8 ნოემბრის შემდეგ უკვე მეორედ მოუწოდებს, რომ პარლამენტში შეიქმნას შეფასებაში მოცემული დათქმების/რეფორმების შესრულებისთვის აუცილებელი სამუშაო ფორმატები. კვლავაც მოვუწოდებთ „ოცნებას“ ერთობლივი მუშაობის დაწყებას ამ დათქმების შესრულებისათვის. აქვე, როგორც საჯარო, ასევე წერილობითი მიმართვით პაპუაშვილთან, ჩვენ დღეს წარვადგენთ ამ დათქმების შესრულებისა და ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების დეტალურ სამოქმედო გეგმას, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს რეფორმების შესახებ ევროკავშირის, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის განმარტებებიდან. ამისთვის კი საჭიროა, რომ “ოცნებამ” დაუყოვნებლივ გამოხატოს რეფორმების პოლიტიკური ნება და ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ: სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმით – მთავარი აქცენტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმაზე; ანტიკორუფციულ რეფორმით – მთავარი აქცენტით ქმედითი, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო, საპროკურორო და სასამართლო მექანიზმების შექმნაზე; ცესკოს, უსაფრთხოების სამსახურისა და ყველა იმ ინსტიტუციის ნამდვილი რეფორმით, ვისი როლიც გადამწყვეტია არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად – პირველ რიგში, მათი ხელმძღვანელების არჩევა პოლიტიკური კონსენსუსით”,- განაცხადა პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა.
მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ 9 ახალი დათქმის შესრულების პროცესი გამჭვირვალე და ღია იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ისე სამოქალაქო სექტორისთვის.
“ევრორეკომენდაციების 9 პუნქტზე მუშაობის პროცესში მმართველი გუნდის მხრიდან ღიაობა იქნება და ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩართულობას შევთავაზებთ. ისევე როგორც 12 რეკომენდაციის შესრულებისას იყო, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა უარი თქვა პროცესზე. 9 მოთხოვნაა, რომელიც ბევრად უფრო ლოკალური და კონკრეტულია, ვიდრე წინა 12 იყო. წინა 12 რეკომენდაცია ბევრად უფრო მასშტაბური იყო. თუ ამ ახალ 9 მოთხოვნას დააკვირდებით, მიხვდებით, რომ 12 პუნქტიდან მოთხოვნების 80% შესრულებულია. შესაბამისად, უფრო მარტივია ამ 9 პუნქტზე მუშაობა, ვიდრე 12 საკითხზე იყო. დანარჩენი სამუშაო პროცესზეა დამოკიდებული“,- განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.