მთავარისაქართველოხორბლისა და ფქვილის მარაგი საქართველოში

ხორბლისა და ფქვილის მარაგი საქართველოში

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა და პურის მცხობელთა ასოციაციების ხელმძღვანელი პირების განცხადებით, საქართველოში უახლოესი თვეების განმავლობაში სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. მალხაზ დოლიძე და ლევან სილაგავა აცხადებენ, რომ ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის მარაგი სტაბილურია და ამ მხრივ ამ ეტაპზე რაიმე შიდა საფრთხე არ არსებობს. მათივე თქმით, უახლოესი პერიოდის განმავლობაში საცალო პურზე არსებული ფასი შენარჩუნდება.

შეგახსენებთ, ჩვენი ქვეყნისთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი რუსეთის ფედერაციაა.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს, რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეფერხების შემთხვევაში ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას, რადგან ხორბლის მოწოდების ძირითადი წილი ამ ქვეყნიდან ხორციელდება.

დღეის მდგომარეობით ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხით არავითარი პრობლემა არ არსებობს და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება სრულად არის დაცული, არსებული 2-თვიანი მარაგები შესაბამისობაშია გაეროს რეკომენდაციებთან და უზრუნველყოფილია წისქვილკომბინატების სტაბილურ მუშაობაზე დაყრდნობით.

კერძოდ: 1. საქართველოს წისქვილკომბინატებსა და ელევატორებში არსებობს 2 თვის მოხმარების სასურსათო ხორბლის მარაგები, რომლებიც ხარჯვის პარალელურად მუდმივად ივსება და ეს უწყვეტი პროცესია; 2. ქართველ ფერმერებთან დამატებით დაახლოებით 1 თვის მოხმარების სასურსათო ხორბალი ინახება; 3. ხორბლის ფასი მსოფლიო და რეგიონულ ბაზრებზე სტაბილურია; 4. ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის იმპორტი შეუფერხებლად და საკმარისი რაოდენობით ხორციელდება.

წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობის პირობებში არც დღეს და არც შემდგომში ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხით არავითარი პრობლემა არ არსებობს, რადგან წისქვილკომბინატების მუშაობის ბიზნესპროცესები თავის თავში ხორბლის ფქვილად გადამუშავების (ხარჯვის) პარალელურად გარდამავალი მარაგების მუდმივ შევსებას გულისხმობს.

ივნისის თვიდან, მას შემდეგ, რაც ფქვილის იმპორტზე გადასახადი ამოქმედდა, დაბალანსებულია როგორც პურის ფასი, ისე წისქვილკომბინატების მუშაობა და წისქვილკომბინატების მიერ ხორბლის მოსავლის მიღება”, – აცხადებს “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend