ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი გრძელდება. “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაღუპულია 11 500-ზე მეტი პალესტინელი, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირი, 2500-ამდე ადამიანი კი დაკარგულია. ისრაელის მხარეს დაღუპულთა რიცხვი 1200-ია, მათი უმრავლესობა 7 ოქტომბერს დაიღუპა, ისრაელის 240 მოქალაქე კი “ჰამასის” ტყვეობაშია, დაღუპულია ისრაელის არმიის 63 ჯარისკაცი. ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი კი არაბულ სახელმწიფოებს ისრაელის იზოლაციაში მოქცევისკენ მოუწოდებს.



ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო დანაყოფები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილსა და ქალაქ ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობენ.
ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალები ბომბავენ “ჰამასის” სამხედრო ინფრასტრუქტურასა და შეიარაღებისა და ტყვია-წამლის საცავებს.
These findings prove that the Hamas terrorist organization used the Shifa Hospital complex on the day of the October 7 Massacre as terrorist infrastructure. 2/2 pic.twitter.com/2UzlpKrNnv
— Israel Defense Forces (@IDF) November 19, 2023
ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელელი ჯარისკაცების მიერ ლიკვიდირებულია “ჰამასის” სამი საველე მეთაური.
ისრაელის არმიამ ამ ეტაპზე 63 ჯარისკაცი დაკარგა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო შენაერთები, მათ შორის “ჰეზბოლა” კი ისრაელის ჩრდილოეთ სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მცირე მასშტაბის იერიშებს აწყობენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი კი აცხადებს რომ “ჰამასი” ღაზის სექტორში მდებარე სხვადასხვა საავადმყოფოს, მათ შორის ალ-შიფას საავადმყოფოს სამხედრო მიზნებითა და ტყვეთა დასამალად იყენებს.
დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი: “”ჰამასის” ტყვეობაში ხანშიშესულები და არასრულწლოვანები არიან, მათ შორის ჩვილებიც. “ჰამასს” ტყვედ ჩვილები ჰყავს აყვანილი. ჩვენი მორალური ვალდებულებაა, რომ ყველა ტყვე გავათავისუფლოთ. “ჰამასი” საავადმყოფოებს ტყვეთა საპატიმროდ და მოსაკლავად იყენებს. ყველა ვისთვისაც კაცობრიობა ძვირფასია, “ჰამასს” უნდა გმობდეს”.
ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ისრაელმა სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწია.

აიათოლა ალი ხამენეი, ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერი: “საავადმყოფოში მყოფი დაუცველი ადამიანების იერიში სამხედრო წარმატება არ გახლავთ. გამარჯვება იქნებოდა ისრაელს “ჰამასი” რომ დაემარცხებინა, მათ ეს ვერ შეძლეს და ღმერთის ნებით ვერასდროს შეძლებენ. აუცილებელია, რომ სიონისტური რეჟიმი იზოლაციაში მოვაქციოთ, მინიმუმ ერთი წლით მაინც”.

ღაზის მოსახლეობის ორმა მესამედმა სექტორი უკვე დატოვა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენლობის თქმით, ორგანიზაციას ადგილობრივთა საკვებითა და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფა უჭირს.
