მთავარიამერიკააშშექსტრემალური ამინდი საფრთხეს უქმნის კენტუკის შტატის ფერმერების მოსავალს

ექსტრემალური ამინდი საფრთხეს უქმნის კენტუკის შტატის ფერმერების მოსავალს

გრეივსის ოლქის ფერმერებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა გასული ზაფხულის განმავლობაში კენტუკის შტატში მოსულმა რეკორდულად მაღალი ნალექის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ. წელიწად-ნახევრის წინ კი ძლიერი ტორნადოს შედეგად, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა, მარცვლეულის მინდვრები განადგურდა. ამ საქმით ბევრი ფერმერია დაკავებული და მათ სერიოზული ეკონომიკურ ზიანი მიადგათ. ერთ-ერთი ფერმერული მეურნეობის პრეზიდენტი, ქეით ლოური ამბობს, რომ ექსტრემალური ამინდის ადგილობრივ ფერმერებს უკვე ძლიერ ეშინიათ.

“სტაბილური ამინდები ერთბაშად შეიცვალა დამანგრეველი მეტეოროლოგიური მოვლენებით. ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე, რატომ ჩვენ? ნუთუ სხვაგანაც ასეთი ამინდია. ხანდახან ხელის ჩაქნევის პირას ვარ, თუმცა რაღაც ძალას ვპოულობ საკუთარ თავში, რომ არ მივატოვო საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემსახურები და მიყვარს. ძალიან დავზარალდით. წყალდიდობამ ყველას დაარტყა. ათი ათას ჰექტარზე მოსავალი სრულად განადგურდა. ასი ფერმერი ფაქტობრივად გაკოტრდა. მანამდე კი ტორნადო გადავიარეთ. ფერმების საწყობები დაინგრა და მარაგიც განადგურდა. წელს სად დავაბინავებთ მოსავალს არ ვიცი“,- აცხადებს ქეით ლოური.

ქეით ლოურის მსგავსად, ცუდ ამინდსა და მოსავლის განადგურების შიშზე საუბრობენ სხვა ფერმერებიც. ჯედ კლარკმა, მეიფილდის სამხრეთში მოქმედმა ფერმერმა, წყალდიდობისას 200 ჰექტარი სოიისა და 18 ჰექტარი თამბაქოს მოსავალი დაკარგა.

„როდესაც დატბორილი ნათესები დავინახე, პირველი რაც მახსოვს, შოკი მივიღე. როცა ხედავ შენს ნათესებს წყალში მოტივტივესა და განადგურებულს, ვერ წარმოიდგენთ, ეს რა განცდაა. გგონია, რომ ცხოვრება თავზე დაგემხო და ყველაფერი დასრულდა. მანამდე ტორნადომ გადაუარა ჩვენს ფერმებს. ეს ყველაფერი რაღაცნაირად სასჯელივით იყო. ოღონდ არ ვიცი რის გამო. ამას დაემატა ცხელი ამინდები და წელს როგორ მოსავალს ავიღებთ, წარმოდგენაც არ მინდა“,- ამბობს ჯედ კლარკი.

კენტიკუს კლიმატის ცენტრის დირექტორი ჯერი ბროცგე და კენტუკის უნივერსიტეტის აგენტი-ექსპერტი მირანდა რუდოლფი ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ექსტრემალური ამინდის პირობები მარტო ამ კონკრეტული შტატის ფერმერებს კი არა, მთელს მსოფლიოს შეეხო. ვითარების შეფასების გარდა სპეციალისტები მომავალზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ უფრო ცუდი მოვლენებიც შეიძლება განვითარდეს და ფერმერები ამისთვის მზად უნდა იყვნენ. ეს კი კომპლექსური სამუშაოა.

„რადგანაც კლიმატი უფრო თბილი ხდება, ატმოსფერო სულ უფრო მეტ წყალს იტევს, რადგანაც აორთქლებაც იმატებს. ეს კი შესაბამისად, ინტენსიურ წვიმებად გარდაიქმნება, რაც წყალდიდობას და ფერმერებისთვის ზიანის მიყენებას იწვევს. ბოლო თვეებში ექსტრემალურმა ამინდმა იმატა. ხალხს ფსიქიკური ჯანმრთელობა უზიანდება, როცა მათ მოსავალი უნადგურდებათ. წელს ჩვენს შტატში ეს კონკრეტული რეგიონი ყველაზე მეტად დაზარალდა. სპეციალისტები ვაკვირდებით კლიმატურ ცვლილებებს იმისთვის, რომ რაიმე მოდელი შევიმუშაოთ, თუმცა მდგომარეობა არც ისე პროგნოზირებადია“,- აცხადებს ჯერი ბროცგე.

იმ ფონზე, როდესაც კლიმატის კვლევის სპეციალისტები ვერაფერს პროგნოზირებენ, სრულიად სპონტანურად უწევთ მუშაობა და ყოველი დღის გატარება ფერმერებს. კენტუკის შტატის მასშტაბით გასული გვალვების, წყალდიდობებისა და ტორნადოს შემდეგ ფერმერების ნაწილი კარგს აღარაფერს ელის. თუმცა არიან ოპტიმისტი ფერმერებიც, რომლებსაც მომავალში უკეთესი მოსავლის აღების იმედი აქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend