ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კიევში მოულოდნელად ჩავიდა. ამ ვიზიტის მიზანია აჩვენოს, რომ ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის მიმართ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა არ შეწყდება, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო რესურსები ახლა ისრაელისა და “ჰამასის” ომისკენაცაა მიმართული. გავრცელებული ცნობებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მოახლოებულ ზამთართან დაკავშირებული სირთულეები. ლოიდმა უკვე მოინახულა ამერიკელი ჯარისკაცები და მადლობა გადაუხადა მათ სამსახურისთვის.
ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი: “დიდი მადლობა ჩვენი კიევში მასპინძლობისთვის. მიხარია უკრაინაში დაბრუნება. ბოლოს აქ 2022 წლის აპრილში ვიყავი და მას შემდეგ, თქვენ პუტინის მიერ წართმეული ტერიტორიის ნახევრის უკან დაბრუნება უკვე შეძელით. მე მოწმე ვარ უკრაინელი ერის სიმამაცისა და ეს შთაგონების წყაროა, როგორც ჩემი, ასევე სხვა ერებისთვის. მზად ვარ განვიხილო უკრაინისთვის გასაწევი დახმარების შესახებ დამატებითი დეტალები. უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-17 შეხვედრა მალე გაიმართება”.