იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, ასევე აქტიური საომარი მოქმედებებია ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, საყურადღებოა რა სამხედრო პოტენციალი აქვს დასავლეთს, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებულ შტატებს და რამდენად არის ეს ძალა აგრესიული საბრძოლო მოქმედებების დამაბალანსებელი.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ამერიკული ბაზების შესახებ ინფორმაცია მეტ-ნაკლებად ცნობილია. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანაა და, ამავდროულად, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო პოტენციალის მქონეა. შესაბამისად, ნატოს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ზოგიერთ ქვეყანაში რამდენიმე ამერიკული სამხედრო ბაზაა.
მაგალითად, სამხედრო პოტენციალის მხრივ, ევროპის მასშტაბით, აღსანიშნავია გერმანია, სადაც არაერთი ამერიკული სამხედრო ბაზაა განლაგებული. მათგან ყველაზე დიდი რამშტაინის სამხედრო ბაზაა, სადაც ქართველი სამხედროებიც გადიოდნენ ავღანეთის მისიისთვის მოსამზადებელ წვრთნებს. ტრამპის ადმინისტრაციამ გერმანიაში კონტინგენტის შემცირებასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მოგვიანებით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა.
ამერიკელი მკვლევარი მაიკლ ალენი წერს, რომ გერმანიაში ამერიკის შეერთებულ შტატებს დაახლოებით 34 ათასი ჯარისკაცი ჰყავს და 119 სხვადასხვა სიდიდის სამხედრო ბაზა აქვს. რაოდენობის მიხედვით, შემდეგია იტალია, სადაც 12 ათასზე მეტი სამხედრო და 44 ბაზაა. 10 ათასამდე სამხედრო ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდ ბრიტანეთში. დიდი კონტინგენტია თურქეთსა და ესპანეთშიც.
ევროპაში ამერიკული სამხედრო ბაზები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩნდება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის შემდეგ კი მრავლდება. უნდა აღინიშნოს ხმელთაშუა ზღვის ამერიკული ფლოტიც, რომელიც ტექნოლოგიების მქონე ერთ-ერთი უძლიერესი საზღვაო ძალაა. რას ნიშნავს ამერიკული სამხედრო ბაზები იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს ბაზებია განლაგებული. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ეს გულისხმობს დამატებით უსაფრთხოებასა და გაზრდილ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
თუმცა ევროპა არ არის ერთადერთი კონტინენტი, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია.
სამხედრო ბაზებია ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში.
რაოდენობის მხრივ, მოწინავე ადგილზეა იაპონია, შემდეგ მოდის გერმანია და სამხრეთი კორეა, სადაც ამერიკის გარეთ არსებული სამხედრო პოტენციალის მხრივ ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ძალაა კონცენტრირებული.
შემდეგია ევროპული ქვეყნები და ქუვეითი. ქუვეითში სამხედრო ბაზებს ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში, ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერირების დროს იყენებდა. ძალიან დიდი სამხედრო ბაზები არსებობდა ავღანეთში. სამხედრო ბაზები აქვს ამერიკას ერაყშიც.
ამერიკის არმიას თავისთავად არაერთი მიმართულება აქვს. მაგალითად, არსებობს ამერიკის არმიის ევროპული სარდლობა, აფრიკის სარდლობა და ასე შემდეგ. ესაა ყველაზე დიდი და ისტორიული დანაყოფი ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ამერიკის არმიაში ნახევარ მილიონამდე სამხედრო მოსამსახურე ირიცხება.
საზღვაო ქვეითთა კორპუსი ამერიკულ საექსპედიციო ანუ საერთაშორისო მისიებში გამოცდილი ერთ-ერთი ძლიერი დანაყოფია. მის შემადგენლობაში დაახლოებით 180 ათასი სამხედროა.
საზღვაო ქვეითები მონაწილეობდნენ ერაყის, ავღანეთის, ვიეტნამისა და, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ყველა იმ საბრძოლო დაპირისპირებაში, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონია. აღსანიშნავია, რომ საზღვაო ქვეითთა კორპუსი იცავს ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსაც მთელ მსოფლიოში.
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების შემადგენლობაშია 300 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. მათ აქვთ ატომური ავიამზიდები, ატომური წყალქვეშა ხომალდები და თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვილი კრეისერები. საზღვაო ძალები მუდამ ზურგს უმაგრებენ ამერიკის არმიასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსს.
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში ნახევარ მილიონამდე სამხედროა და აქვთ 6 ათასამდე საფრენი აპარატი, მათ შორის მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენები, ისეთი, როგორებიცაა ბ-1ბ, ბ-2, ასევე შემტევი და გამანადგურებელი ავიაცია, ვერტმფრენები, როგორც საბრძოლო, ასევე სატრანსპორტო და სადესანტო, სატრანსპორტო და სადაზვერვო საჰაერო ხომალდები და, რა თქმა უნდა, მძიმე უპილოტო გამანადგურებლები. ისევე, როგორც საზღვაო ძალები, ამერიკის შეერთებული შტატების ავიაცია უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ქვეყნის თავდაცვის სისტემაში. საზღვარგარეთ არსებული ამერიკული ბაზები საავიაციო მხარდაჭერის კომპონენტზეა გათვლილი და ყველა ძირითადი ბაზა საავიაციო ბაზას წარმოადგენს.
ახალი დანაყოფია კოსმოსური ძალები. ეს დანაყოფი 9 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს აერთიანებს.
და ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის შემადგენლობაში 50 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა. მნიშვნელოვანია, რომ ჩამოთვლილი ციფრებით მხოლოდ აქტიური სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობაა წარმოდგენილი. მათ გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში დიდი რაოდენობით ირიცხებიან სამოქალაქო პირები და რეზერვისტები. ცალკე აღნიშვნის ღირსია ეროვნული გვარდიაც, რომელიც, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ნახევარ მილიონამდე რეზერვისტს აერთიანებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სიძლიერე გამოცდილებასა და ტექნოლოგიებში გამოიხატება. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ, მართალია, ჩინეთსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს და რუსეთსაც, თუმცა უკრაინაში ომის ფონზე კარგად გამოჩნდა, რომ რუსული არმია მაინცდამაინც ვერ არის კარგ ფორმაში. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალა მუდამ ვითარდება. მათი თქმით, მსოფლიოში არსებული თანამედროვე კონფლიქტების ფონზე ამერიკის შეერთებულ შტატები უფრო მეტ გამოცდილებას იღებს.
რამდენიმე კვირის წინ სენატში მოისმინეს ანგარიში, რომელშიც ნახსენები იყო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააუმჯობესოს ბირთვული შეიარაღება. ასევე იზრუნოს იმაზე, რომ ქვეყანა მზად იყოს ჩინეთსა და რუსეთთან კონვენციური დაპირისპირებისთვის. ამერიკის შეიარაღებული ძალების მსოფლიოში არსებული ბაზების უპირველესი დანიშნულება შტატებზე იერიშის შემაკავებელი ფუნქციაა. თუმცა არაერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამერიკული ბაზის არსებობა ნებისმიერი ქვეყნისთვის დამატებით სამხედრო პოტენციალს ნიშნავს. თავდაცვის შესაძლებლობებიც, უდავოდ, მაღალია ამ ქვეყნებში.