მთავარისაქართველოვენეციის კომისიის დელეგაციამ პარლამენტში შეხვედრები გამართა

ვენეციის კომისიის დელეგაციამ პარლამენტში შეხვედრები გამართა

რამდენად ასრულებს საქართველო რეკომენდაციებსა და მითითებებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების, ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლად მუშაობისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით. პოლიტიკოსებისგან ამ თემებზე მოსაზრებების მოსასმენად საქართველოს პარლამენტში ვენეციის კომისიის დიდი დელეგაცია იმყოფებოდა. ოთხი სხვადასხვა ჯგუფისგან შემდგარი დელეგაციის წევრებმა ჯერ პარლამენტის თავმჯდომარისგან, შალვა პაპუაშვილისგან, მოისმინეს შეფასებები, შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან. მათი თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დახურული შეხვედრებიდან საჯაროდ მხოლოდ პოზიტიურ დეტალებზე ისაუბრეს.

„ჩვენ ზოგადად, მიმოვიხილეთ ის დასკვნა, რომელიც უკვე არის წარმოდგენილი ვენეციის კომისიის მხრიდან სასამართლოსთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, სადაც საქმე ეხება სამართლებრივ პრინციპებს, იქ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ. სადაც საქმე ეხება მიზანშეწონილობის საკითხებს, იქ უმეტეს შემთხვევაში ხდება რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და აქ ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს. რაც შეეხება ცესკოს, ცესკოსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ველოდებით ვენეციის კომისიისგან დასკვნას. აქედან გამომდინარე, დეტალებზე არ გვქონია საუბარი, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, თუ რამ განაპირობა ეს ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება ცესკოს დაკომპლექტების წესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვენეციის კომისიის წარმომადგენლები და ექსპერტები შეხვდნენ ოპოზიციონერ დეპუტატებსაც. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა ამ შეხვედრების შემდეგ თქვეს, რომ კომისიას დეტალურად გააცნეს პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში არსებული პრობლემები. კერძოდ, ოპოზიცია თვლის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კონსტრუქციული და კონსენსუსზე დაფუძნებული თანამშრომლობა ისეთ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიცაა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნა, ფაქტობრივად შეუძლებელია.

“ვენეციის კომისიას აინტერესებს, როგორ მოხდება 12-პუნქტიანი გეგმის შეუსრულებელი პუნქტების შესრულება და რა მოთხოვნები უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ქვეყანას მიეცეს საშინაო დავალება, რათა სტატუსი წარმატებულად მიიღოს. საკითხები, რაც აინტერესებდა ვენეციის კომისიას, იყო საარჩევნო კოდექსი, სასამართლო რეფორმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე მათ ჰქონდათ კითხვები კონკრეტული სამსახურების დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით მათ აქვთ კრიტიკული კითხვები და ოპოზიციის აზრი მათთვის მნიშვნელოვანი იყო”,- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტში ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს ამოწმებს და ოპტიმალურ დასკვნებსა და შენიშვნებს ამზადებს. განსაკუთრებით კი ისეთი საკვანძო მიმართულებებით, როგორებიცაა სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმა და ევროკავშირის საკანონმდებლო სტანდარტებთან დაახლოება. ვენეციის კომისიამ გასული ერთი წლის საქმიანობის შეფასებისთვის ეს შეხვედრები დამატებითი ინფორმირებისთვის გამართა. გენერალურმა მდივანმა სიმონა გრანატა-მენგინმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მინიჭებასთან ერთად ამა წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:01:36
spot_imgspot_img
Send this to a friend