ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა პარლამენტში გამოსვლისას დაიცვა შეთანხმება, რომელიც კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიას უკავშირდება და რომელმაც მადრიდში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია.
პედრო სანჩესს ექვსი მცირე ზომის პარტია უჭერს მხარს. მისი მიზანია, მემარცხენე „სუმარის“ პარტიასთან ძალების გაერთიანებით აღადგინოს უმცირესობის კოალიციური მთავრობა.
ამასთანავე, მან მოიპოვა ორი კატალონიური სეპარატისტული პარტიის მხარდაჭერა, რადგან იგი დაჰპირდა ამნისტიას ყველას, ვინც დაარღვია კანონი რეგიონის 2017 წლის წარუმატებელი გამოყოფის მცდელობის დროს.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ამნისტიის კანონი არაკონსტიტუციურია და მისი დამტკიცება არ შეიძლება
დემონსტრანტების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება ამნისტიის კანონს, რომელიც მიზნად ისახავს ყველა იმ ადამიანის შეწყალებას, რომლებმაც ესპანეთის ერთიანობას შეუქმნეს საფრთხე. ისინი ღალატობენ მთელ ესპანეთს, როდესაც დამნაშავეებთან შეთანხმებას აფორმებენ. ეს კი, აქციის მონაწილეების აზრით, კრიმინალების წინაშე ესპანელი ხალხის დაჩოქებას ნიშნავს, რასაც არცერთი მათგანი არ დაუშვებს.
პარლამენტში არანაკლებ დაძაბული ვითარება იყო
ესპანეთის ოპოზიცია და ულტრამემარჯვენე პარტიები სანჩესს ღალატში ადანაშაულებენ ამნისტიის გამო, რომელიც, მათი განცხადებით, ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. ესპანელი მოსამართლეებიც კრიტიკულად არიან განწყობილი და შეთანხმებას საკანონმდებლო შტოში ძალთა დაყოფის მცდელობად აფასებენ.