გასულ კვირას გილ დიქმანმა შეტყობინება მიიღო ყასიმის ბრიგადისგან. ეს “ჰამასის” გასამხედროებული ფრთაა, რომლის წევრებსაც გატაცებული ჰყავთ დიქმანის ოჯახის წევრები. ტექსტში ეწერა, რომ “ჰამასმა” ისრაელის მთავრობას მძევლების გათავისუფლება შესთავაზა პალესტინელი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ.
„იქ ასევე ეწერა, რომ თუ ჩემი ახლობლების შესახებ მეტის გაგება მინდოდა, უნდა გადავსულიყავი რაღაც ბმულზე“.
დიქმანი ბმულზე არ გადასულა. შეეშინდა, რომ მის ტელეფონში შეაღწევდნენ.
დიქმანი არაერთ ნათესავს ეძებს. მისი ბიძაშვილი კარმელ გეტი 7 ნოემბერს გაიტაცეს ცოლსა და კიდევ ერთ ნათესავთან ერთად. მისი დეიდა კი მოკლეს. ამ საზარელი ამბის შესახებ კი ინტერნეტში ნანახი ვიდეოთი შეიტყო.
„”ტელეგრამზე” ვიდეოებს ვათვალიერებდი, როცა შემთხვევით ამ კადრებს გადავაწყდი. ის ხელშეკრული მიჰყავდათ კიბუცის ქუჩებში… შემდეგ კიდევ ერთი ვიდეო იყო. ის მიწაზე იწვა მოკლული.. თვალებს ვერ ვუჯერებდი. დღესაც არ მჯერა, რომ ასე მოხდა…. რატომ დასჭირდა თავდაცვის ძალებს ამდენი ხანი, რომ ადგილზე მისულიყვნენ? არ ვიცი, ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რა მოხდა.. ერთი რაც ვიცი ისაა, რომ ყველაფრის რწმენა დავკარგე“, – ეუბნება გილ დიქმანი ევრონიუსს.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მძევლების შესახებ მოლაპარაკებებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწია, მაგრამ ეს ოფიციალურად უარყო ისრაელის მთავრობამ. ისინი ამბობენ, რომ ნებისმიერ სიახლეს ტყვეთა ოჯახები პირველები შეიტყობენ.