ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სან ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგით 30-ე სამიტი მიმდინარეობს. წლევანდელი სამიტის პოლიტიკური ეპიცენტრი ორი სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტების შეხვედრაა.
სი ძინპინი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს ბოლოს გასულ წელს შეხვდნენ, მაგრამ პეკინსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური პროცესი დინამიკურია, ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ იის სამჯერ შეხვდა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი და სხვა მაღალჩინოსნები კი პეკინში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ. მედიასთან შეხვედრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია პეკინთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება.
ერთერთი ყველაზე ყურადსაღები დეტალი ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ მისი წევრები არიან ჰონგ კონგი და ტაივანი, ორგანიზაციის წესდების თანახმად, გაწევრებისთვის აუცილებელი კრიტერიუმია, იყო ეკონომიკური აქტორი უპირველეს ყოვლისა და ტაივანიც ჩინური ტაიპეის სახელით არის წარმოდგენილი.
ამ მასშტაბური სამიტისა და სხვა თანმდევი გეოპოლიტიკური მოვლენების შესახებ სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” მრჩეველთა საბჭოს წევრი და 2014-2018 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით აფციაური მოიწვია.