უზენაეს სასამართლოში საქმე გაერთიანებული სამეფოს გეგმის მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ დასრულდა.
გეგმა თავშესაფრის მაძიებლების რუანდაში საპროცედურო და შემდგომი დამუშავებისთვის გაგზავნას ითვალისწინებდა. ბრიტანეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ინსტანციამ ეს პოლიტიკა არაკანონიერად ცნო იმ მიზეზით, რომ რუანდამ შესაძლოა მიგრანტები იმავე ქვეყნებში დააბრუნოს, საიდანაც ისინი წამოვიდნენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის თქმით, უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რუანდაში გაგზავნის პოლიტიკა კანონს უნდა შეესაბამებოდეს და ამიტომ საჭიროებს ცვლილებებს. იგი არ ეთანხმება, თუმცა პატივს სცემს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რადგან მიაჩნია, რომ კანონის უზენაესობა გაერთიანებული სამეფოს დემოკრატიისთვის ფუნდამენტურია. რიში სუნაკი თავის გუნდთან ერთად მომზადებული იყო ამ საქმის ყველა შედეგისთვის. იგი რუანდასთან ერთად უკვე მუშაობს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე.
ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ე.წ. მასპინძელი აფრიკული ქვეყანა მზად იყო, მიგრანტების უკან გაბრუნებასთან დაკავშირებული რისკები აღმოეფხვრა, თუმცა მაინც ვერ მოახერხეს მოსამართლეთა დარწმუნება.
დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტი ლორდ რობერტ რიდი აცხადებს, რომ შესაძლოა, მიგრანტების უკან გაბრუნებასთან დაკავშირებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად ცვლილებები მომავალში გატარდეს, თუმცა ახლა ამის ნიშნები არ ჩანს. შესაბამისად, სასამართლო მთავრობის საჩივარს ვერ დააკმაყოფილებდა.
2022 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, რუანდა მზად იყო, თავის ტერიტორიაზე განეთავსებინა თავშესაფრის მაძიებელთა გარკვეული რაოდენობა, სანამ მათი განცხადებები განიხილებოდა. თუმცა პირველი სადეპორტაციო ფრენა ბოლო წუთს შეჩერდა.
რიში სუნაკის მთავრობას გადაწყვეტილების გასაჩივრება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეუძლია.