ისრაელსა და “ჰამასს” შორის 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ ისრაელში დიდი ვნებათაღელვაა, ისრაელის საზოგადოებაში ინტეგრირებულია ბევრი ეთნიკური პალესტინელი და რიგ შემთხვევებში ამ ადამიანებს უჭირთ საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვა, თუნდაც, სოციალური მედიის გამოყენებით. ამ ადამიანებს შორის არიან: პროფესორები, ჟურნალისტები, ადამიანები, რომელთაც დაგმეს “ჰამასის” თავდასხმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათთვის ღაზის სექტორში დაღუპული პალესტინელებისადმი თანაგრძნობის გამოხატვა საფრთხის შემცველია.
7 ოქტომბერს ისრაელში “ჰამასის” მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისა და ღაზის სექტორზე დაუნდობელი იერიშის შემდეგ საზოგადოებაში განსხვავებული აზრის საჯაროდ გამოთქმა გამოწვევის წინაშე დადგა.
ისრაელის საზოგადოების წევრ ეთნიკურ პალესტინელებს ეშინიათ, რომ ომთან დაკავშირებით საუბარი მათი დაპატიმრებით დასრულდება. მათ შორის არიან: ლექტორები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ადამიანები, რომელთაც “ჰამასთან” მიმდინარე ომის შესახებ საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და მისი დაცვის ეშინიათ.
ისრაელში მცხოვრები არაბი პოლიტიკოსი აიდა ტუმა სულეიმანი “ჰამასის” მიერ მიტანილ იერიშს გმობს, მაგრამ ამავე დროს არ მოსწონს ისრაელის პოლიტიკა ღაზის სექტორის მიმართ. თუმცა საჯაროდ თანაგრძნობის გამოხატვა პალესტინელების მიმართ მისთვის პრობლემად იქცა.
აიდა ტუმა სულეიმანი, პოლიტიკოსი: “შვილიშვილებს ვეღარ ვასეირნებ, არ მსურს, ვინმემ იცოდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები არიან. ომის მოწინააღმდეგეთა მიმართ საშინელი აგრესია იგრძნობა. უფლება არ გვაქვს ემპათია გამოვხატოთ. ჩვენ პალესტინელი ბავშვების სიკვდილის გლოვის უფლებაც კი არ გვაქვს”.
გასულ თებერვალს ისრაელის უშიშროების მინისტრმა იტამარ ბენ გვირმა საგანგებო უწყება შექმნა, მიზანი კი ისრაელის წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენების კონტროლია. ისრაელის მართლმსაჯულების სისტემა კი ამ უწყებას ომის დროს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევს.
ამირ ბადრანი და იტამარ ანვერი ისრაელის საზოგადოების ებრაელი და არაბი პოლიტიკური მოღვაწეები და მოკავშირეები არიან. მათი მიზანი სიძულვილის წინააღმდეგ გალაშქრებაა.
ამირ ბადრანი, პოლიტიკოსი: “ებრაელებს და პალესტინელებს ეშინიათ, არაბებს დაპატიმრებით აშინებენ, ბევრ ახალგაზრდას უქმნიან პრობლემას, ბევრს ეშინია საკუთარი მოსაზრების გამოხატვის. უბრალო მოწონებამ სოციალურ ქსელშიც კი, შესაძლოა, ადამიანის ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირების მცდელობა გამოიწვიოს”.
იტამარ ანვერი, პოლიტიკოსი: “ადამიანებს ძალიან ეშინიათ. პალესტინელებსა და ებრაელებს შორის დაძაბულობა იზრდება. ვცდილობთ ვითარების დეესკალაციას”.
ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები ევრონიუსთან აცხადებენ, რომ სახელმწიფო ძალადობის წახალისების ყველა შემთხვევას აკვირდება და იძიებს.