საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრის შემდეგ მედიისა და საზოგადოებისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. შალვა პაპუაშვილმა ავსტრიას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ავსტრია გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას, რათა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე წარმატებით გადავიდეთ.
“მინდა მადლობა გადავუხადო ავსტრიას საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ აქტიური მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში წევრობის გზაზე. ამჟამინდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ხაზი გავუსვი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე გამოვხატეთ როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა.
ასევე ველოდებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ახალგაზრდებს შორის დემოკრატიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო განათლების წახალისებაზე იქნება მიმართული. აღნიშნულ საკითხზე განზრახულობათა წერილს ბატონი სობოტკას ვიზიტის ფარგლებში მოვაწერეთ ხელი.
მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის, საქართველოს მხარდაჭერისა და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მზადყოფნისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტმა კლაუდია არპამ კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში ავსტრია საქართველოს მხარს დაუჭერს.
„ვულოცავთ საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შემდეგი ნაბიჯი მოსალოდნელია დეკემბერში და ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ. საქართველომ უნდა გააგრძელოს საშინაო დავალების შესრულება. საქართველო გააგრძელებს ამ პრიორიტეტების შესრულებას, დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბერს დადებითი გადაწყვეტილება მიიღება“, – განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტმა.