მთავარი აზია ისრაელი ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე მსჯელობენ

ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე მსჯელობენ

ისრაელის თავდაცვის ძალებსა და “ჰამასს” შორის ომი გრძელდება. საბრძოლო მოქმედებების შედეგად უკვე ისრაელის არმიის 44 ჯარისკაცია დაღუპული, განადგურებულია “ჰამასის” კუთვნილი რამდენიმე ასეული კილომეტრი გვირაბი, სარაკეტო დანადგარები და სამეთაურო პუნქტები. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის დასრულების გზებზე ბრიუსელში მსჯელობენ.

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი უკვე 5 კვირაზე მეტია მიმდინარეობს.

ისრაელის არმიის იერიში ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობს.

ისრაელის საჰაერო შეტევა ღაზის სექტორზე, 10 ნოემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Leo Correa

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში “ჰამასის” კუთვნილ ინფრასტრუქტურაზე უკვე 4 300-ამდე იერიში მიიტანეს როგორც სამხედრო საჰაერო, ასევე სამხედრო სახმელეთო და საზღვაო ძალებით.

ისრაელელი ჯარისკაცების თავგანწირვის შედეგად განადგურებულია “ჰამასის” კუთვნილი გვირაბების 300 კილომეტრზე მეტი, 100-ამდე გამაგრებული შენობა და სამეთაურო პუნქტი.


7 ოქტომბერს “ჰამასის” მიერ წამოწყებულ იერიშზე ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ გაცემული პასუხი იმდენად დამანგრეველი აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ორმა მესამედმა ღაზის სექტორი დატოვა.

რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, პალესტინელები აპირებენ საზღვრის გადაკვეთასა და ეგვიპტეში გადასვლას Copyright Mohammed Abed/AFP

ისრაელის არმიამ “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლაში ამ ეტაპზე 44 ჯარისკაცი დაკარგა.

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შეჩერების გზებზე მსჯელობენ.

ჟოზეფ ბორელი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი: “ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო მხარს უჭერს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერებას. საჭიროა მყარი მშვიდობა, დროებითი ზავი და ჰუმანიტარული პაუზა არ კმარა. ისრაელს ვთხოვთ თავშეკავებას, ამ გზით მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გადარჩება. ამავე დროს ვგმობთ “ჰამასის” მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენებას”.


ანალენა ბაერბოკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი: “მე მესმის იმ ადამიანების, ვინც ცეცხლის შეწყვეტას დაუყოვნებლივ მოითხოვენ. აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ბევრი მეკითხება, თუ როგორ შეიძლება ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ახლა, როდესაც ისრაელის უსაფრთხოება გარანტირებული არ არის, მე როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაცხადებ, რომ მშვიდობას და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ალტერნატივა არ გააჩნია”.

ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად ისრაელის პოლიტიკური მეთაურობა სამხედრო ოპერაციის წარმოების პირობებში მცირე ჰუმანიტარული პაუზების დაშვებას დასთანხმდა, ამ გზით მოსახლეობას როგორც სამხედრო მოქმედებების სიმძიმის ცენტრის დატოვება, ასევე ეგვიპტიდან მომავალი მცირე ჰუმანიტარული დახმარების მიღება შეუძლია.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend