პარიზის მშვიდობის ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება. მან მონაწილეობა მიიღო პანელში „მშვიდობისა და უსაფრთხო სამყაროს მშენებლობა“, სადაც ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე ბოლო წლების განმავლობაში და ყურადღება გაამახვილა რუსულ ოკუპაციაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას არჩეული აქვს მოთმინების სტრატეგია და თანმიმდევრულია ამ პოლიტიკაში.
„რა თქმა უნდა, ოკუპაციის გამოწვევა კიდევ არსებობს, ჯერ კიდევ არ გამქრალა. ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. არსებობს გამოწვევები, რომლებსაც დაუყოვნებლივ ვერ გადავჭრით. გვჭირდება მოთმინება და გრძელვადიანი სტრატეგია“, – განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე ისაუბრა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე და თქვა, რომ ეს ისტორიული მომენტი იყო.
„ჩვენ გვსურს დავუახლოვდეთ ევროპას. გვსურს გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ამ მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით“.
პანელზე ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად იმყოფებოდა.