“მე შაკედ ხარანი ვარ, ეს კი ჩემი ოჯახია, რომელიც ახლა ღაზაში იმყოფება. ეს დედაჩემი, ეს ჩემი და, მისი ქმარი, ეს კი მათი 8 და 3 წლის შვილები არიან, ეს კი დეიდაჩემი შარონია და მისი ქალიშვილი”,- ჰყვება შაკედ ხარანი, “ჰამასის” მძევლების ოჯახის წევრი.
შაკედის ოჯახის წევრები “ჰამასმა” გაიტაცა. შაკედი ახლა მათ ეძებს, ნერვიულობს და იმედი აქვს, რომ მისი ახლობლები ცოცხლები არიან.
“ყოველ ღამე, როცა ჩემს შვილებს ვაძინებ, მახსენდება, რომ ტერორისტების ტყვეები ჩემი დის შვილები არიან და არამხოლოდ ისინი, ღაზაში ახლა 30 ახალშობილია, ეს უბრალოდ აუტანელია. ვნერვიულობ და ვერ ვიჯერებ, ვერც მძინავს”, – ამბობს შაკედი.
“ჰამასმა” გაიტაცა მაიკლ ლევის ძმაც, მისი რძალი კი მოკლა. ეს მოხდა მაშინ, როცა 7 ოქტომბერს, მაიკლ ლევის ძმა, ცოლთან ერთად “ნოვას ფესტივალზე” იმყოფებოდა. მაიკლ ლევი ამბობს, რომ ახლა სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის. “ჰამასმა” კი უნდა გადაიხადოს იმის საფასური, რაც ჩაიდინა.
“ჩემი ძმა და მისი მეუღლე “ნოვას ფესტივალზე” გაემგზავრნენ. დილის ექვს საათზე უკვე იქ იყვნენ და სანამ ის საშინელება დაიწყებოდა, გვითხრეს, რომ უკან ბრუნდებოდნენ, დედამ ჰკითხა მას, თუ რა ხდებოდა, ჩემი ძმის პასუხი მხოლოდ ერთი იყო: დედა შენ ეს არ უნდა იცოდე და ხმა გაწყდა. დაახლოებით 10 წუთში, იმ ადგილას, სადაც ჩემი ძმა თავის ცოლთან ერთად თავს აფარებდა, ტერორისტებმა შეაღწიეს და სროლა დაიწყეს. ჩემი რძალი მოკლეს, ჩემი ძმა კი გაიტაცეს. მათ ორი წლის შვილი ჰყავთ, ბავშვი მუდმივად მამას და დედას ეძახის”, – ამბობს “ჰამასის” მძევლის, ორა ლევის ძმა მაიკლი.
ეილონის ოჯახის წევრებიც გატაცებულები არიან “ჰამასის” მიერ. მასაც გამოტანილი აქვს ფოტოები, ეძებს და ითხოვს, რომ თავისი საყვარელი ადამიანები დაუბრუნონ.
“ბოლო შეტყობინებაში, რომელიც ჩემმა ბიძაშვილმა გამოგზავნა ასე ეწერა – „ისინი მოდიან“, შემდეგ კი ჩემი ოჯახის წევრების შესახებ არაფერი მსმენია, არნაირი ინფორმაცია არ მაქვს, მეშინია ყველგან სროლა და აფეთქებებია, მეშინია, რომ მათ რამე დაემართებათ. თუმცა ამასთანავე მესმის, რომ უნდა მოვიმოქმედოთ რაღაც, რომ ჩვენი ოჯახის წევრები დავიბრუნოთ”, – ამბობს ეილონ კეშეტი, “ჰამასის” მძევლების ოჯახის წევრი.
“ჰამასმა” ისრაელიდან 250-მდე ადამიანი გაიტაცა. მას შემდეგ გატაცებული ადამიანების ოჯახის წევრები გატაცებულ ახლობლებს ეძებენ, თუმცა ბევრი მათგანის ძალისხმევა უშედეგოა.