ევროკომისიის დადებითმა რეკომენდაციამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოქალაქეებში გააჩინა დიდი იმედი, რომ ქვეყანა დეკემბერში მართლაც, მიიღებს ევრობლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსს. თუმცა ევროკომისიის ამ ერთგვარ თანხმობას თავისი პირობები აქვს – საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გატარდეს.
გარდა რეფორმებისა, არის ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა – საქართველოს საგარეო პოლიტიკა მაქსიმალურად უნდა იყოს თანხვედრაში ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკასთან. ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ საჭირო რეფორმების გარეშე არაფერი გამოვა და, რომ ახლა ჯერი საქართველოზეა. მაგალითად, ქვეყანამ უნდა დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია, უნდა გაძლიერდეს ისეთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორებიც არის საარჩევნო ადმინისტრაცია, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია.
ევრობლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიის დათქმების მიხედვით, მნიშვნელოვანია კორუფციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა და რაც მთავარია, ადამიანის უფლებების დაცვა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს ევროკომისია ეუბნება, რომ მნიშვნელოვანია ეფექტური სასამართლო რეფორმა. ამ დათქმებში განსაკუთრებით აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის აუცილებლობა.
ევროპამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 9 დათქმა შესთავაზა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა გადაწყვეტილება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 15 დეკემბერს უნდა მიიღონ.