მთავარიევროპაუკრაინარუსული აგრესია უკრაინაში - ბრძოლა ავდიივკისთვის

რუსული აგრესია უკრაინაში – ბრძოლა ავდიივკისთვის

ასობით რუსული ჯავშანტექნიკის განადგურების ფონზე უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ჩრდილოეთით კვლავ ინარჩუნებენ პოზიციებს.

როგორც სხვადასხვა სამხედრო ბლოგის, ისე უკრაინის ოფიციალური წყაროების ცნობით, დასახლება ავდიივკასთან რუსები საბრძოლო პოზიციებს ვერ ამაგრებენ. საოკუპაციო ძალები აქ უკვე რამდენიმე კვირაა უტევენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. რუსი სამხედრო ბლოგერების ინფორმაციით, ახლა საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ავდიივკასა და დონეცკს შორის არსებული ორი დასახლება – ვოდიანე და ოპიტნეა. გრძელდება რუსული საავიაციო და საარტილერიო შტურმიც. ერთ დღეში ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 50 საავიაციო და 64 საარტილერიო იერიში მიიტანეს და, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი იუწყება, 80-ზე მეტი უკრაინული დასახლება დაბომბეს.

„ბახმუტის მიმართულებით ჩენმა ძალებმა 6 რუსული შეტევა მოიგერიეს ბოჰდანივკის, ანდრიივკისა და კლიშჩიივკის ფლანგებზე. ამავდროულად, ვაგრძელებთ შეტევას დონეცკის ოლქში. მოწინააღმდეგე დიდ დანაკარგს განიცდის. ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ტავრიის“ საპასუხისმგებლო ზონაში, ავდიივკის ფლანგზე, ოკუპანტები, არაერთი უშედეგო მცდელობის მიუხედავად, კვლავ გვიტევენ და ამ დასახლების ალყაში მოქცევას ცდილობენ. უკრაინის მცველებმა ერთ დღეში 14 სხვადასხვა ინტენსივობის საბრძოლო დაპირისპირება მოიგერიეს“, – აცხადებს ანდრიი კოვალოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი.

სამხრეთის ფრონტზე კი რობოტინოს აღმოსავლეთით დასახლება ვერბოვესთან უკრაინის არმიამ ახალი ჯავშანსატანკო იერიში წამოიწყო. ეს ის ადგილია, სადაც რუსული თავდაცვის ზღუდე, ე.წ. სუროვიკინის ხაზია გარღვეული. უკრაინულ იერიშზე რუსულ სამხედრო ბლოგებზეც ვრცელდება ინფორმაცია. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხერსონთან, მდინარე დნიპროს ოკუპირებულ ნაწილზე, უკრაინულმა საზღვაო ქვეითთა დანაყოფმა წარმატებით გადაიყვანა ჯავშანტექნიკა თავდაცვის ძალების მიერ გამაგრებულ პოზიციაზე.

ამ იერიშების ფონზე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ საბრძოლო პოზიციებზე უკრაინის ახალი, „ნასამსის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოჩნდა.

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უწყვეტად გაგრძელების მნიშვნელობაზე საუბრობენ სამხედრო ექსპერტები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები. სწორედ ამ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება თეთრ სახლშიც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსებს დიდი დანაკარგი აქვთ. ერთ დღეში საბრძოლო მოქმედებების შედეგად რუსმა ოკუპანტებმა დაკარგეს 780 სამხედრო, 8 ტანკი, 22 საბრძოლო ჯავშანმანქანა. 29 საარტილერიო სისტემა, 2 საჰაერო თავდაცვის სისტემა და 10 უპილოტო საფრენი აპარატი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend