საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი პროვოკაცია – ასე შეაფასეს პოლიტიკურ წრეებში საქართველოს მოქალაქის მკვლელობა სოფელ კირბალთან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რუსეთს გაჩაღებული აქვს საქართველოში დაუსრულებელი ომი, რომელიც უდანაშაულო მოქალაქეებს იწირავს. მათივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ე.წ. პოლიტიკა კიდევ უფრო დაუცველს ტოვებს მოქალაქეებს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს უმძიმესი ფაქტი არის ოკუპაციის მძიმე შედეგი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ იქ მცხოვრებ მოსახლეობას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ოკუპაციის დასრულება.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საოკუპაციო ძალებმა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ააგეს მავთულხლართები, რომლებსაც სახელმწიფო საზღვარს უწოდებენ. დროდადრო ამ ტერიტორიაზე ეს მავთულხლართები საქართველოს ტერიტორიის უფრო სიღრმეში იწევს. სოფლები, ეზოები, საფლავები შუაზე იყოფა და უკანონოდ აკავებენ ყველას, ვინც ამ ე.წ. საზღვარს გადაკვეთს.
ანა ალელიშვილი