მთავარისაქართველოსოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს

სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს

 

საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას ცეცხლი გახსნეს.

სროლის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. ოკუპანტებმა გაიტაცეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით.

საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა საქართველოს მოქალაქის მკვლელობას სოფელ კირბალთან. სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ აღშფოთებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო. მისი თქმით, ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს “ერთმორწმუნე ძმის” ნამდვილ სახეს. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომლებიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას.

განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. მისი თქმით, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომლებთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ. ირაკლი ღარიბაშვილი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ამბობს, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები. პრემიერიც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend