საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარიან შარეცი ეწვია. მას თავდაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და სლოვენიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რაც თავდაცვის უწყებების დაახლოებასა და პარტნიორობის გაღრმავებას ითვალისწინებს. სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პირველად ესტუმრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მარიან შარეცი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.