საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს განვითარებისთვის ახალი პროექტის Do IT with the EU პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული 1300-ზე მეტი პირი გადამზადდება ისეთ პროფესიებში, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა მეცნიერება, Cloud სერვისები, პროექტის მენეჯმენტი და სხვა. ღონისძიებაზე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ამ პროექტში მონაწილეობის მიღება სურდათ და ასევე ისინი, ვისაც მსგავსი პროგრამა უკვე გავლილი ჰქონდათ. პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
“მე ის პირველი პროგრამული ენა, რომელიც უნივერსიტეტში დავიწყე, ძალიან გავაღრმავე, ამასთან ერთად დამიფინანსდა საერთაშორისო სერტიფიკატზე გასასვლელი ვაუჩერი და ავიღე საერთაშორისო სერტიფიკატი, ჩემს თანატოლებს და ნებისმიერს, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, ვურჩევდი, რომ ასეთი შესაძლებლობა არ გაუშვას ხელიდან”,- გვიყვება GITA-ს “3000 IT სპეციალისტის პროგრამის” კურსდამთავრებული საბა ნიჟარაძე.
“ვთვლი, რომ დღეს თუ რამე საინტერესო ხდება მსოფლიოსა და საქართველოში, მაქსიმალურად ყოველთვის უკავშირდება ხოლმე ტექსფეროს და როგორც ვხედავ ეს კონკრეტული პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამ იქნება საქართველოში, რაც თითოეული მონაწილისათვის აქსელერატორი იქნება თავიანთი კარიერის დაწყებისათვის, ვთვლი, რომ თუ შევირჩევი და მონაწილე ვიქნები, უპირველეს ყოვლისა კარიერაში ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და შესაბამისად, იქნება უდიდესი გამოცდილება, რომელიც შემდგომში უკვე საკუთარი თავის განვითარებაში ძალიან დამეხმარება”,- ამბობს პროექტის აპლიკანტი თორნიკე პარუნაშვილი.
პროექტის წარდგენაზე ახალგაზრდებს მიმართეს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
“”იმუშავე ტექნოლოგიურ სფეროში ევროკავშირთან ერთად” გახლავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ფარგლებში არსებული კიდევ ერთი პროექტი საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ. ამ პროექტის მიზანი გახლავთ ციფრულ სფეროში 1300-ზე მეტი ადამიანის გადამზადება. მათ შეეძლებათ საერთაშორისო მასშტაბითაც მოიძიონ სამსახური, აქ ამ დარბაზში იმყოფება 500-ზე მეტი ძალიან პერსპექტიული სპეციალისტი”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
“კადრების მომზადება ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია IT დარგის განვითარებისთვის და Do IT-ის ფარგლებში ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან, მათ შორის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და პარტნიორობა ევროკავშირთან. ევროკავშირთან ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით გვქონდა წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება და პრაქტიკა და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინიციატივა და პროექტი, რომელიც ახალგაზრდა აიტი სპეციალისტების გადამზადებასა და სასერტიფიკაციო კურსებს მოიცავს, იქნება მორიგი წარმატებული პროექტი”,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიებაზე მისულ ადამიანებს შეეძლოთ გასაუბრებოდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს და ინფორმაცია მიეღოთ ამ სფეროში არსებული ვაკანსიების შესახებ.
პროექტის დასრულების შემდეგ 1300 კურსდამთავრებულიდან 1000 სპეციალისტს საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვების საშუალება ექნება, 300 კი დასაქმდება.