საქართველოს სუპერლიგისა და საქართველოს თასის გამარჯვებული „თსუ“ ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბენფიკასთან“ მარცხის შემდეგ „თსუ“ ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. წინა სეზონთან შედარებით თსუს შემადგენლობა რადიკალურად შეიცვალა, გუნდი ახალი მოთამაშეებით დაკომპლექტდა, რის გამოც მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა უამრავი ტაქტიკური ცვლილება შეიტანა თამაშში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საკალათბურთო ევროტურნირზე ქართული გუნდი პირველად თამაშობს.
ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე თსუსთან ერთად ჯგუფში გერმანული “გოტინგენი”, იტალიური “ვარეზე” და კვიპროსული “კერავნოსი” ასპარეზობენ. პირველი მატჩი ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა „გოტინგენთან“ დაძაბულ ბრძოლაში დათმო, მეორე შეხვედრას კი საქართველოს ჩემპიონი უფრო ძლიერი შემადგენლობით შეხვდა და თბილისი არენაზე კვიპროსული „კერავნოსი“ 63:60 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრი, კახაბერ ჯინჭარაძე გახდა, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო და ბურთი 9-ჯერ მოხსნა. თსუს მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც 9 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.
2011 წლის შემდეგ ქართულმა გუნდმა ფიბას ევროტურნირის მატჩში პირველად გაიმარჯვა, ამის გაკეთება 12 წლის წინ საკალათბურთო კლუბმა „არმიამ“ შეძლო. თბილისი არენაზე გამართულ თამაშს კი უამრავი გულშემატკივარი დაესწრო, მათ საოცარი ატმოსფერო შექმნეს. ისინი საყვირებითა და სხვადასხვა შეძახილით ამხნევებდნენ თსუს კალათბურთელებს, რამაც კალათბურთელებს ძალიან დიდი სტიმული მისცა და შედეგზეც დადებითად აისახა.
მესამე მატჩში იტალიურმა “ვარეზემ” თსუ 109:83 დაამარცხა, მიუხედავად ამისა, “თსუ” ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს. საქართველოს ჩემპიონი მომდევნო თამაშს 8 ნოემბერს გერმანული “გოტინგენის” წინააღმდეგ თბილისი არენაზე ჩაატარებს.