მთავარიევროპაუკრაინარუსული აგრესია უკრაინაში - ავდიივკისა და რობოტინოს ფლანგები

რუსული აგრესია უკრაინაში – ავდიივკისა და რობოტინოს ფლანგები

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ბოლო დღეების განმავლობაში ფრონტის ძირითად, აქტიურ მიმართულებად სამხრეთით – რობოტინოს ფლანგი და აღმოსავლეთით ავდიივკის ფლანგია.

უკრაინის შეტევითი ოპერაციების წარმატება სამხრეთით რობოტინოს ფლანგს უკავშირდება. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთი მიმართულება უკრაინის არმიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. ვარაუდობდნენ, რომ უკრაინა მალე გაიჭრებოდა წინ და აზოვის ზღვაზე გასვლით ოკუპირებული ყირიმის ბლოკირებას შეძლებდა, რომელიც სახმელეთო გზის გარეშე დარჩებოდა. ეს სტრატეგიული მიმართულება, როგორც ჩანს, კრემლშიც კარგად ესმოდათ, ამიტომ უკრაინის განმათავისუფლებელი შეტევის დაწყებამდე ფრონტის მთელ პერიმეტრზე თავდაცვითი ზღუდეების მთელი კომპლექსი მოაწყვეს.

ამ რუსულ თავდაცვით ზღუდეს „სუროვიკინის ხაზსაც“ უწოდებენ. ეს თავდაცვითი ზღუდეები უკავშირდება გენერალ სერგეი სუროვიკინს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინის მიწაზე შეჭრილ რუსეთის არმიას მეთაურობდა, თუმცა ჯერ ჩამოაქვეითეს, შემდეგ კი, როგორც საერთაშორისო მედია იუწყებოდა, ევგენი პრიგოჟინის ე.წ. ამბოხის შემდეგ დააკავეს კიდეც. რა არის „სუროვიკინის“ ხაზი?

ესაა ტრანშეებისა და სანგრების რამდენიმე ფენა, დანაღმული ველები, მავთულხლართები, ტანკსაწინააღმდეგო ხერგილები და ასე შემდეგ. ეს ისეთი დაბრკოლებებია, რომლებიც კონტრშეტევის ტემპს მნიშვნელოვნად ანელებს.

თუმცა მიუხედავად ამ რთული კომპლექსისა, უკრაინის არმიამ შეძლო და რობოტინოს ფლანგზე გაარღვია რუსული თავდაცვის ეს ე.წ. „სუროვიკინის“ ხაზი. როგორც სამხედრო მიმომხილველები საუბრობენ და ამას რუსი ბლოგერებიც აღნიშნავდნენ სხვადასხვა ტელეგრამარხზე, ამ წარმატებული შეჭრის შემდეგ რუსებმა მორიგი ზღუდეები მოაწყვეს ქალაქ ტოკმაკსა და რობოტინოს შუა არსებულ პერიმეტრზე. რუსებმა საინფორმაციო შტურმიც დაიწყეს ამის შემდეგ. ისინი ამბობდნენ, რომ უკრაინამ ვერ გაარღვია თავდაცვის ძირითადი ზღუდე, რადგან რეალურად მთავარი ზღუდე სიღრმეში იყო.

ექსპერტების შეფასებით, უკრაინის ომი როგორც თავდაცვითი ძალებისთვის, ისე აგრესორისთვის გამოფიტვის ფაზაშია გადასული. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის გენერალ ზალუჟნის ინფორმაციაზე დაყრდნობითაა მომზადებული, ომი ახლა პოზიციური ბრძოლების ფაზაშია გადასული. რადგან არც ერთ მხარეს აღარაა დრამატული ცვლილება. ამას თან ერთვის გართულებული კლიმატური პირობები. რობოტინოსთან ეს კარგად გამოჩნდა. აქ უკვე დიდი ხანია, რაც თითოეული მეტრისთვის მიდის ბრძოლა. რობოტინოს აღმოსავლეთით დასახლება ვერბოვესთან რამდენჯერმე დაკარგეს რუსებმა პოზიციები, თუმცა არც უკრაინულ არმიას ჰქონია წინსვლა.

როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი იუწყება, გენერალ ზალუჟნის უკვე აქვს მიღებული სპეციფიკური ტაქტიკური გადაწყვეტილებები, რათა მოგვარდეს პოზიციური ბრძოლის პირობების შემქმნელი ფაქტორები და ამით დაიძლიოს სამხედრო პარიტეტი რუსეთის ძალებთან. ზამთრის მოახლოებისთანავე კი საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო გართულდება.

 

ახლა გადავინაცვლოთ აღმოსავლეთის ფლანგზე. თუკი რამდენიმე კვირისა თუ თვეების წინ ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ბახმუტის ფლანგზე მიმდინარეობდა, ახლა ასე არაა. დასახლება ავდიივკის რუსულმა შტურმმა თეთრი სახლის ყურადღებაც კი მიიქცია. ეს დასახლება, რომელიც ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთითაა, ამ მომენტისთვის სამი მხრიდან რუსული ცეცხლის ქვეშაა მოქცეული. ექსპერტებს ეს სიტუაცია ბახმუტის ბრძოლას აგონებთ, როდესაც ფლანგებიდან შეტევის გამო უკრაინულ არმიას უკან დახევა მოუწია და რის გამოც დაიკარგა ბახმუტი.

ანდრიივკასთან მის ჩრდილოეთით ქვანახშირის მომპოვებელი ადგილია. ეს საშუალო სიმაღლის მთა ცნობილია, როგორც ტერიკონი. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ეს სიმაღლე რუსებმა დაიკავეს.

აღმოსავლეთის მხარეს რუსებს არ აქვთ ისეთი თავდაცვითი ზღუდეები, როგორებიც, მაგალითად, სამხრეთითაა, თუმცა აქ ოკუპანტებს აქვთ ოპერატიული სიღრმე, რადგან ლოგისტიკური მომარაგება პირდაპირ ხორციელდება. რასაც ვერ ვიტყვით აზოვის ზღვით გათიშულ მელიტოპოლსა და ბერდიანსკზე.

ბრძოლა ავდიივკისთვის რუსულ შეიარაღებულ ძალებს დიდი მსხვერპლის ფასად უჯდებათ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ყოველდღიურად ავდიივკის ფლანგზე ასობით რუსული ჯავშანტექნიკა და პირადი შემადგენლობა ნადგურდება. ამის შესახებ თავად რუსებიც აცხადებენ. თეთრ სახლშიც თქვეს, რომ ავდიივკის აღებისთვის ანუ ამ მცირე ტაქტიკური წარმატებისთვის რუსები ყველაფერს გააკეთებდნენ. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ინფორმაციით, რუსები ახალ იერიშს ამზადებენ ავდიივკის ალყაში მოსაქცევად.

უკრაინის პრეზიდენტს ვოლიდიმირ ზელენსკის არაერთხელ განუცხადებია, რომ ასეთ დროს დამატებითი შეიარაღების მიღებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამასვე აღნიშნავს გენერალი ზალუჟნიც. ახლა უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება შეიარაღებით დახმარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend