მთავარიგადაცემებიSmartHealthროგორ უჭერს მხარს ევროკავშირის ინოვაციას ჯანდაცვის სექტორი?

როგორ უჭერს მხარს ევროკავშირის ინოვაციას ჯანდაცვის სექტორი?

Smart Health-ის ბოლო ეპიზოდში „ევრონიუსი“ სვამს კითხვას, თუ რატომ ჩამორჩება ევროპა სხვა ქვეყნებს სამედიცინო ინოვაციების კუთხით და რა ნაბიჯებს დგამენ ამ ინდუსტრიის წარმომადგენლები ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად.

საფრანგეთის სამხრეთი ქალაქ მარსელში მდებარე  ლაბორატორიაში კიბოს სამკურნალო უახლესი თერაპიის კურსი  დაიწყო. ამ ე.წ. კიბოს იმუნოთერაპიის კურსის ჩატარების პროცესში 200 ადამიანი მონაწილეობს. მათი მიზანია, ისე აამოქმედონ ჩვენი იმუნური სისტემა,  რომ იცნოს და მოსპოს სიმსივნის უჯრედები.

ერიკ ვივიე, კომპანია Innate Pharma-ის სამეცნიერო დირექტორი

„ჩვენ ვცდილობთ, სტიმული მივცეთ იმუნურ სისტემას, რომელიც ჩვენი თავდაცვის სისტემაა არა მხოლოდ ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ, არამედ კიბოსიც,“ – ამბობს ერიკ ვივიე, კომპანია Innate Pharma-ის სამეცნიერო დირექტორი. „ამიტომ ვცდილობთ, რომ ისეთი სტიმული მივცეთ იმუნურ სისტემას, რომ მან კიბოსაც მიხედოს. ყველა ტიპის კიბოს, იქნება ეს ლეიკემია, ლიმფომა თუ მყარი სიმსივნე.“

ინოვაციის ფასი

1999 წელს დაარსებული კომპანია ონკოლოგიის რამდენიმე სამკურნალო მეთოდს ავითარებს. ერთი მათგანი, რომელიც ფილტვის კიბოს ებრძვის, უკვე კლინიკური ცდის მესამე ფაზაშია და ბევრი აღარ უკლია საბოლოო ავტორიზაციამდე. სხვა ევროპული მცირე და საშუალო საწარმოების მსგავსად, აქაც ინოვაციაა საბოლოო მიზანი. თუმცა იქამდე მიმავალი გზა გრძელი და რთულია.

„მედიკამენტის განვითარება ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში დაახლოებით ათი წელი გრძელდება,“ – განმარტავს  მონდერ მაჰჯუბი, კომპანია Innate Pharma-ის ხელმძღვანელი. „ეს ძვირადღირებული პროცესია. პროდუქტი წინაკლინიკური ფაზიდან ბაზრამდე რომ მივიდეს, სულ მცირე მილიარდი ევრო ჯდება. და ბოლოს, ეს პროცესი რისკს შეიცავს, რადგან მარცხის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. 100 შერჩეული მოლეკულიდან დაახლოებით 4 ან 5 იძლევა შედეგს.“

ეს კომპანია აქტიურად მონაწილეობს დაახლოებით 37 მილიარდი ევროს ინვესტიციაში, რომელსაც ევროპის ფარმაცევტული სექტორი დებს ყოველ წელს. ეს სექტორი წლიურად დაახლოებით 800 ათას ახალ სამუშაო ადგილსაც ქმნის. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი ჩამორჩება სხვა ინოვაციურ ზესახელმწიფოებს.

მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესება

ვითარება რომ თავის სასარგებლოდ შეცვალოს, ევროკომისია ახალი რეგულაციების ინიციატივით გამოვიდა. ამ რეგულაციებმა ხელი უნდა შეუწყონ  დიდ სამედიცინო დეველოპერებს, მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორსა და ბაზრის წვრილ მოთამაშეებს, რათა მათ იპოვონ ისეთი საინვესტიციო ეკოსისტემა, რომელსაც უკეთ მოერგებიან, რომელიც უფრო მოქნილი, ხელმისაწვდომი, მარტივი და იაფი იქნება.

რაც შეეხება განვითარებული თერაპიის სამედიცინო პროდუქტებს, ეს რეფორმა ევროპის სამედიცინო სააგენტოს რეგულაციის ჩარჩოს უფართოებს.

ამ სააგენტოს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ უკვე აუმჯობესებს ინსტრუმენტებს, რათა ინოვაცია პაციენტებისთვის რეალურ პროდუქტად იქცეს.

„ვცდილობთ, შევისწავლოთ მომავლის პერსპექტივა. ეს ნიშნავს, რომ ვამოწმებთ, თუ რას უნდა ველოდოთ და რამდენად მზად ვართ ამისთვის? რამდენად მზადაა მარეგულირებელი სისტემა ამისთვის? გვაქვს თუ არა შესაბამისი ექსპერტული უნარი? ნამდვილად გვჭირდება, რაც გველოდება? არის თუ არა  სამედიცინო მომსახურების დეფიციტი?,“ – განმარტავს  ევროპის სამედიცინო სააგენტოს გენერალური დირექტორი ემერ კუკი.

„ამიტომ ვცდილობთ, წინასწარ დავუკავშირდეთ დეველოპერებს. ვცდილობთ, მათ სწორი მიმართულება მივცეთ. ამას ვაკეთებთ რეგულარულ ბიზნესშეხვედრებზე, რომლებზეც ვიგებთ, თუ რა არის ახალი. გარდა ამისა, გვაქვს ე.წ. ინოვაციის სპეციალური ჯგუფიც, რომელშიც ვიწვევთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც რაღაც ახალი იდეა აქვს, რომ მოვიდეს და დაგველაპარაკოს და ჩვენ ვურჩიოთ,  რა გზას დაადგეს.“

ევროპის ფარმაცევტული ინდუსტრიისა და ასოციაციების ფედერაციაში ამბობენ, რომ ნამდვილად არის მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ამ ორგანიზაციის გენერალური დირექტორი უფრო თამამ ზომებს ითხოვს.

ევროპის ფარმაცევტული ინდუსტრიისა და ასოციაციების ფედერაციის (EFPIA) გენერალური დირექტორი ნატალი მოლი:

„ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპაში კვლევასა და განვითარებაში ჩადებული ინვესტიციების დაახლოებით  25 პროცენტი დავკარგეთ. ამ ინვესტიციების მოცულობა ბოლო 20 წელიწადში ერთი მეოთხედით შემცირდა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში კი გაიზარდა. თუ გვინდა მდგომარეობის გამოსწორება, ინვესტორებს მიმზიდველი და გათვლადი პირობები უნდა შევუქმნათ. ამჟამად ევროპა ამას ვერ ახერხებს და  ეს ძალიან დამაფიქრებელია. რადგან სადაც კვლევაა, იქ საქმეც კეთდება, რადგან კვლევა ნიშნავს კლინიკურ ცდებს, რომ პაციენტებს მედიკამენტზე ხელი მიუწვდებათ.  ეს კი ნიშნავს, რომ მთელი ჯანდაცვის სისტემა ინოვაციას ეგუება.“

ლაბორატორიაში კი მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ  ფილტვის კიბოს საწინააღმდეგო ახალ სამკურნალო მეთოდზე მათი ხანგრძლივი შრომა

„ჩვენ ბოლო ფაზაში ვართ. ძალიან ბევრ პაციენტზე ვატარებთ ცდებს, თუ რამდენად ეფექტურია ის მოლეკულა, რომელსაც მრავალი წელია ვაწარმოებთ,“ – ამბობს  კომპანია Innate Pharma-ის სამეცნიერო დირექტორი ერიკ ვივიე. „შედეგს რამდენიმე თვეში ველოდებით, თუმცა ამისთვის ძალიან დიდხანს ვშრომობდით.“

ავტორი: ხულიან გომესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend