ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება, საერთო ჯამში სექტორში არსებული ოთხიდან ერთერთი რაფაჰის სასაზღვრო პუნქტია. რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გახსნას დიდი დიპლომატიური ძალისხმევა დასჭირდა, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ამ სასაზღვრო პუნქტის გამოყენებით “ჰამასი” საჭირო ტყვია-წამალსა და საწვავს მიიღებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის მეშვეობით მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც საჭიროა.
“There is no water.
There is no food.
There is no life.
These are children. Shame on you.
What did we do wrong?”#HearTheirVoices pic.twitter.com/Kuv3OBIT3L
— UNRWA (@UNRWA) November 3, 2023
ისრაელს, კატარს, ეგვიპტესა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ეგვიპტის მოსაზღვრე მიდამოში მდებარე, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გაიხსნა.
რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი ღაზის სექტორში გამომწყვდეული ადამიანების ბოლო იმედია. სწორედ ამ სასაზღვრო პუნქტის გავლით შედის ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება.
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ღაზის სექტორში მყოფი 400-მდე მოქალაქის ევაკუაციას ცდილობს.
ვარდ აბუ შაბანი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე: “მე ამერიკული პასპორტი მაქვს. ჩემს ქალიშვილსაც ამერიკული პასპორტი აქვს, ჩემს ქმარს კი არა, მას განცხადება შეტანილი აქვს, უბრალოდ ჯერ პასპორტი არ მიუღია. მე ორსულად ვარ. აქედან წასვლა მინდა, როგორ წავიდე ჩემი ქმრის გარეშე?”
ღაზის სექტორში ასი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გაუსაძლის პირობებში რჩება. ისრაელის თავდაცვის ძალები კი ღაზის სექტორში მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას აწარმოებენ.
ჯამალ კაუდი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე: “მე დილის 7 საათიდან ვარ, ვცდილობ წინ წავიწიო. არ ვიცი რა ბედი მეწევა. ერთი საათის წინ, ჩვენთან ახლოს აფეთქება იყო, კინაღამ ყველა დავიღუპეთ, მე გულის პრობლემა მაქვს, ნებისმიერ დროს შეიძლება ცუდად გავხდე”.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის შედეგად ღაზის სექტორში უკვე 9 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, 30 ათასზე მეტი კი დაჭრილია.