თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, ერთ კედელზე აი, ასეთი რამ ხატია – ვიღაც გიტარაზე უკრავს, გარშემო უცნაური ზღაპრული მცენარეები ყვავის, რომელიღაც საყვარელი ცხოველი კი ამბობს: „დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკო!“ გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველიდან“ციტატას ამბობს კომიქსურად, სთრიტარტულად და ეს არის კიდეც, “სთრით არტ ფესტივალის” დროს დახატული კედელი. ამ ნამუშევრის ავტორი მაშო მარგიშვილია:
“23 წლის ვხდებოდი, როცა ვიეტნამში გავდიოდი დიზაინის სტაჟირებას და იქ რადგან მარტო ვცხოვრობდი და ძალიან დიდი შთაბეჭდილებები მივიღე აზიაში პირველად მარტო ცხოვრებისგან, დავიწყე ილუსტრაციების კეთება და მას შემდეგ აღმოვაჩინე პარალელური სამყარო სახელად მაშოლენდი, რომელიც ძალიან ბევრი პერსონაჟის ისტორიით, ადგილით არის სავსე და მას შემდეგ თითქმის 10 წელია, რაც ვცდილობ სხვადასხვა მედიუმის საშუალებით, როგორებიცაა ილუსტრაცია, ანიმაცია, კედლის მხატვრობა და ა.შ. გადმოვცე მაშოლენდელების ისტორია”, – ამბობს მაშო მარგიშვილი, ხელოვანი.
მაშოლენდის პერსონაჟებს სხვა კედლებზეც შეხვდებით თბილისში. ახლა ეს ახალი პერსონაჟებიც დაემატა…
ფესტივალში კიდევ 12 მხატვარი მონაწილეობს. 1 კვირის განმავლობაში მათ ბუდაპეშტის ქუჩაზე ფესტივალის დღეებში მოხატეს კედლები. მხატვრები ამბობენ, რომ მსგავსი პროექტები მათ ახალი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას აძლევს და თავიანთი ნამუშევრების ფართო აუდოტორიის წინაშე წარდგენის საშუალებას.
“ჩემი ნამუშევრის შესახებ რომ გითხრათ, ფარაჯანოვის შემოქმედებიდან ავიღე. მისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ვიზუალური სახე არის ბროწეულები, როგორც მისი ფილმიდან „ბროწეულის ფერი“და გადავწყვიტე ნამუშევარი ამ თემაზე გამეკეთებინა, ოღონდ ჩემებურად, ჩემი ტრაფარეტებითა და სტენსილებით. ეს იქნება ბროწეულები კედელზე, რომელსაც ფონად ექნება ერთგვარი განმეორებითი, პატერნული გამოსახულება, რომელიც სიმბოლურად გადმოსცემს ფილმში არსებულ ამ გამოსახულებებს. უკვე კედელზე მორგებულად და ისე, რომ არ იყოს ამოვარდნილი ამ საერთო ზოგადი სივრციდან”, – ამბობს სთრით არტისტი ლაშა ბაბუაძე.
„რომ ხატავ, ბევრ რამეს სწავლობ იმ ადგილიდან, იმავე მეზობლებისგან, გამვლელი ხალხისგან, აკვირდები, ანუ ქუჩაა, ქუჩაში გიწევს ცხოვრება, როცა იმ ნახატს ხატავ, ზოგჯერ ერთი თვე ხარ ერთ ადგილზე და ძალიან საინტერესოა ყოველთვის იმიტომ, რომ ახალი ნაცნობები არიან, ქუჩაა და ქალაქია და რაღაც ცხოვრებაა ერთგვარი”, – გვიყვება მხატვარი დანტე.
„სთრით არტ ფესტი“ საქართველოში პირველად ტარდება, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ფესტივალზე ისეთი ხელოვანებიც მონაწილეობენ, რომლებიც პირველად ხატავენ კედლებზე. მათი თქმით, ის ვინც ნახატებს შეხედავს, შესაძლოა, თავისი იდეებიც გაუჩნდეს, დაინტერესდეს, ან რაღაც ნიჭი აღმოაჩინოს საკუთარ თავში.
“თავიდან ვფიქრობდი, რადგან თბილისი ჰქვია და თბილისიდან ვიწყებთ და შემდეგ უკვე შეიძლება სხვა ქალაქებშიც გავიდეთ, ყოფილიყო თბილისთან ასოცირებული პერსონაჟები. მაგრამ მაინც, ბოლოს მარტო თბილისით არ შევზღუდულიყავით, საქართველო მთლიანად გავაერთიანეთ, პირადად ჩემთვის საინტერესოა და ისე გამოვიდა, რომ ყველა მხატვრისთვისაც ახლოა ეს თემა მაინც, ხშირად გვიწევს ხოლმე სხვადასხვა ჟანრში წარსულთან, ამ ხალხთან, მომავალთან შეხება, და სულ რაღაცა კავშირები არსებობს. ამ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი ფორმა ვიფიქირეთ, რომ იყოს, სადაც გაერთიანდებოდა ეს ჩვენი ხედვები”, – ამბობს მხატვარი და ფესტივალის ორგანიზატორი გამეზა.
“იქიდან გამომდინარე, რომ ფესტივალიც მრავალფეროვანია, მონაწილეებიც ზუსტად ამ კუთხით მრავალფეროვნებით შევარჩიეთ, ჩვენი მეგობარი კოლეგები არიან, სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა ჟანრის მხატვრები არიან და გვინდოდა, რომ ჩვენი ესკიზებიც ყოფილიყო, ყველა ჟანრი გვინდოდა, რომ მოეცვა და ამიტომ ყველას გაერთიანება გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებით წავედით და შეირჩა ზუსტად ის 13 არტისტი, ვინც ფესტივალს ჰყავს”, – გვეუბნება ნინო ქუთათელაძე, ფესტივალის ორგანიზატორი.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი და მომავალში ისინი ჩართავენ დამწყებ მხატვრებსაც, რომლებსაც საშუალება ექნებათ, რომ თავისი იდეები და ხედვა კედლის მხატვრობაშიც გამოხატონ. ისინი ამბობენ, რომ მომავალში ფესტივალი თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც გაიმართება.