მთავარიაზიაღაზაღაზის სექტორში 3600-ზე მეტი ბავშვი შეეწირა ისრაელ-"ჰამასის" ომს
ღაზის სექტორში 3600-ზე მეტი ბავშვი შეეწირა ისრაელ-“ჰამასის” ომს
გააზიარე
ომის დაწყებიდან სულ რაღაც 25 დღეში ისრაელ-“ჰამასის” კონფლიქტს 3600-ზე მეტი პალესტინელი ბავშვისა და არასრულწლოვანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავდა 7000-ზე მეტი. მათ დიდ ნაწილს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანები ომში დაღუპულთა დაახლოებით 40%-ს შეადგენენ.
თუმცა ამისდა მიუხედავად, ღაზაში გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 2019 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს ყველა კონფლიქტურ ზონაში გარდაცვლილი ბავშვების წლიურ მაჩვენებელს. მაგალითად, 2022 წელს მთელი მსოფლიოს გარშემო ათობით კონფლიქტს ჯამურად 2985 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
ღაზის საავადმყოფოებში საჰაერო თავდასხმებს გადარჩენილი და ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვების ხილვა უკვე ყოველდღიურობად იქცა.
ადამ ალ-მადჰუნი, დაშავებული ბავშვის მამა: “ჩემს შვილს მარჯვენა ხელის ამპუტაცია დასჭირდა, თავის ქალის დაზიანებები აქვს და კიდევ უამრავი სხვა გართულება. მისი მდგომარეობა არაფრით განსხვავდება სხვა პალესტინელი ბავშვებისგან. ზოგმა კიდურები დაკარგა, ზოგმა სიცოცხლე. ეს უდიდესი ტრაგედიაა. მშვიდობიანი მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. სწორედ იმ სახლებს უმიზნებენ, სადაც მოქალაქეები აფარებენ თავს”.
იასმინ ჯუდა, დაშავებული ბავშვის დეიდა: “მთელი ოჯახიდან მხოლოდ ჩემი დისშვილი გადარჩა. ხერხემალში ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და პარალიზებულია. რა დააშავა ამ ბავშვმა? ადამიანები სიკვდილს გაურბიან, მაგრამ მაინც ყველგან სიკვდილი ხვდებათ”.
მიუხედავად იმ მძიმე დანაკარგებისა, რაზეც ღაზის მცხოვრებლები ჰყვებიან, ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, მათი სამიზნე არა მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ “ჰამასის” სამხედრო ობიექტები და ინფრასტრუქტურაა.
ომს არაერთი ისრაელელი ბავშვის სიცოცხლეც შეეწირა. “ჰამასის” 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილ 1400 ადამიანს შორის რამდენიმე ჩვილიც იყო. ოცდაათიოდე ბავშვი კი “ჰამასმა” მძევლად აიყვანა.