წყალბურთი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში “დინამო თბილისმა” მოქმედ ჩემპიონს, ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს “პრო რეკოს” უმასპინძლა.
საქართველოს ჩემპიონმა იტალიურ გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, შეხვედრის პირველი პერიოდი ფრედ 2:2 დასრულდა. მომდევნო მეოთხედებში “პრო რეკომ” უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ ანგარიშით 16:9 გაიმარჯვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ “დინამო თბილისის” ლეგიონერი, სტეფან პიეშივაცი დასახელდა, რომელმაც იტალიელებს 4 გოლი გაუტანა.
„ რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე და მატჩის საუკეთესო მოთამაშის აღიარება ამ სეზონში პირველად დავიმსახურე, იმედი მაქვს რომ ამის გაკეთებას კიდევ შევძლებ. „პრო რეკოს“ დონის გუნდის წინააღმდეგ ეს ძალიან რთულია და ამის გამო ბედნიერი ვარ. ბოლო 2 კვირის განმავლობაში კარგად მოვემზადეთ და ეს თამაშზეც აისახა და იმედია, მომდევნო შეხვედრებსაც კარგად ჩავატარებთ. საქართველოში გულშემატკივრობა შესანიშნავად იციან. ჩვენი ფანები მატჩის მიმდინარეობისას ერეგიას გვმატებენ და ქვეყანაში წყალბურთის განვითარებაში წვლილი შეაქვთ. რამდენიმე წლის წინ ეს ასე არ იყო და ვფიქრობ, მომავალში წყალბურთი აქ კიდევ უფრო მეტად განვითარდება”, – ამბობს მატჩის MVP სტეფან პიეშივაცი.
“პრო რეკომ” “დინამო” ამ სეზონში უკვე მეორედ დაამარცხა, პირველი შეხვედრა იტალიაში, ანგარიშით 15:6 დასრულდა.
“დინამო თბილისი” მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს გამართავს. დეიან სტანოევიჩის გუნდი ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” ესტუმრება.