რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. ოკუპირებული სინაგური საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევს ესაზღვრება და იქ საოკუპაციო ძალის სამხედრო ბაზაა განთავსებული.
მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“. ასევე ეს ინფორმაცია გადაეცა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.