მთავარიაზიაისრაელისისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისკენ მოუწოდებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისკენ მოუწოდებს

ისრაელ-“ჰამასის” ომის 24-ე დღეს ღაზის სექტორის თავზე აფეთქება დაფიქსირდა. ისრაელის ჯავშანტექნიკა სექტორის ცენტრისკენ მიიწევს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამ ნეთანიაჰუმ ღაზაში ახალი სახმელეთო შეტევა და ომის მეორე ფაზა დააანონსა.

პრემიერმა მოსახლეობასთან პირობა დადო, რომ “ჰამასის” გასანადგურებლად და მძევლების გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა “ჰამასის” რამდენიმე მეთაური გაანადგურეს.

დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი: ,,განვაგრძობთ გაძლიერებულ სახმელეთო შეტევას ღაზის სექტორზე. ამ სამხედრო მოქმედებებში ჩვენმა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებმა მიიღეს მონაწილეობა, გაანადგურეს ათობით ტერორისტი, მათ შორის არიან “ჰამასის” მეთაურებიც. ეს ადამიანები ბრძოლის ველიდან განაგებდნენ ჰამასის შენაერთებს. გარდა სახმელეთო შეტევისა, განვაგრძობთ მასირებულ საჰაერო დარტყმასაც”.

განცხადება გააკეთა პალესტინის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ შტაიემ. მან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისა და პალესტინელი ხალხის გადარჩენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მოჰამედ შტაიე, პალესტინის პრემიერ-მინისტრი: ,,მკვლელობის, შურისძიების, ტერორისა და განადგურების სურვილით ამოძრავებული ჯოჯოხეთური მანქანა ჯერ კიდევ არ დაკმაყოფილებულა. არ ვიცით, მსხვერპლის რა რაოდენობა იქნება საკმარისი მათთვის. რა რაოდენობის სისხლი მოუკლავს დამნაშავე შურისმაძიებლებს წყურვილს. ხმამაღლა ვამბობთ, შეწყვიტეთ ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, გახსენით უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნები, რათა ადამიანებს საკვები, წყალი, საწვავი და მედიკამენტები მივაწოდოთ. საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით ჩვენი ხალხის უფლებაა დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენი ხალხი გაიმარჯვებს და ოკუპაცია დასრულდება. მიუხედავად სისხლიანი ჭრილობებისა, მიუხედავად ტკივილისა და უსამართლობისა ჩვენი მიზანი თავისუფლებაა. იერუსალიმი დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფომდე მიგვიყვანს”.

ჰამასს” ყველა მძევლის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი, კარიმ ხანი. გარდა ამისა, მან მოუწოდა ისრაელს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს. მთავარი პროკურორი ღაზის სექტორში ჩასვლასა და მდგომარეობის ადგილზე შეფასებას გეგმავს.

კარიმ ხანი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი: “მსურს ნათლად და ხაზგასმით აღვნიშნო, ისრაელის მხრიდან უნდა იყოს შესამჩნევი ძალისხმევა, უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების შეფერხების გარეშე მიწოდება. “ჰამასთან” ომისას, ისრაელს აქვს მკაფიო ვალდებულებები არა მხოლოდ მორალური, არამედ სამართლებრივი ვალდებულებები, დაიცვას შეიარაღებული კონფლიქტის კანონები”.

პალესტინის მხარეს გარდაცვლილთა რაოდენობამ 8000-ს გადააჭარბა. ისრაელში კი კონფლიქტს 1400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი ძირითადი ნაწილი 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გარდაიცვალა. ისრაელის გაძლიერებული სახმელეთო შეტევის ფონზე გაერო შიშობს ღაზის სექტორის საავადმყოფოების უსაფრთხოებაზე, სადაც დაშავებულებთან ერთად კიდევ დამატებით ათი ათასობით პალესტინელი აფარებს თავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend