მთავარიევროპაუკრაინაკრამატორსკში კაფეები და რესტორნები გახსნეს

კრამატორსკში კაფეები და რესტორნები გახსნეს

უკრაინაში ფრონტის წინა ხაზთან მდებარე ქალაქ კრამატორსკის ბიზნეს ობიექტების კარი სტუმრებისთვის ღიაა. ქალაქში რესტორნები და მაღაზიები ერთწლიანი დახურვის მერე მას შემდეგ გაიხსნა, რაც უკრაინამ კონტრშეტევითი ოპერაციები დაიწყო. დედაქალაქისგან განსხვავებით კრამატორსკს არ გააჩნია ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა და ის ფრონტის წინა ხაზთან ძალიან ახლოსაა. ქალაქში ომამდე 147 ათასზე მეტი პირი ცხოვრობდა, თუმცა ფრონტის წინა ხაზთან ახლოს არსებულ ქალაქში ახლა მხოლოდ მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს.

რესტორან “ვაით ბურგერში” შეფ-მზარეული ბურგერს ამზადებს. ეს რესტორანი სრული დატვირთვით მუშაობს, ისე თითქოს ყველაფერი რიგზეა. არადა, რესტორანი ქალაქ კრამატორსკშია, დონეცკის რეგიონში. რეგიონის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რიგ ქალაქებს სწორედ ისინი აკონტროლებენ. ქალაქი კრამატორსკი კი ფრონტის წინა ხაზზეა. ამ რესტორანში ისეთი გარემოა, თითქოს კარს მიღმა ფრონტის წინა ხაზი არ იყოს, ამას თავისი მიზეზი აქვს. რესტორანს ხშირად სტუმრობენ სამხედროები და მათთან შეხვედრის მიზნით ჩამოდიან სამხედროების ოჯახის წევრები, რესტორანში დასაქმებულებს სურთ, რომ მათ ცოტა ხნით მაინც მისცენ განტვირთვის საშუალება.

„ჩვენ გვესმის, რომ ეს არის რისკი და ჩვენს თავზე ვიღებთ მას, რადგან ასეთია ახლა ჩვენი ცხოვრება. სადაც და როგორც არ უნდა ვიყოთ, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს თავს, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ უკრაინაში ვრჩებით და ვმუშაობთ, ეს არის ჩვენი არჩევანი. იცით, ჩვენთან მომსახურე პერსონალი სტუმრებს ყოველთვის პოზიტიური განწყობით ხვდება, რადგან კარს მიღმა ყველამ ვიცით, რაც ხდება და ვცილობთ ჩვენს თანამემამულეებს კომფორტული გარემო შევუქმნათ და ცოტა ხნით მაინც შევუმსუბუქოთ ის ფაქტი, რომ რუსეთი ჩვენს განადგურებას ცდილობს“, – ოლენა ზიაბინა, რესტორან „ვაით ბურგერის“ მენეჯერი.

ბურგერების რესტორნის გვერდით კი, აი, ამ ადგილას არც თუ ისე დიდი ხნის, უფრო სწორად სულ ცოტა ხნის წინ პიცერია იყო, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი. ახლა კი ხედავთ როგორც გამოიყურება. რესტორნის მფლობელი ყოველ დღე სტუმრობს იმას, რაც მისი ბიზნესისგან დარჩა.

“როგორც მეწარმეს, რა თქმა უნდა, ძალიან მადარდებს ქონების დაკარგვა, მაგრამ არსებობს მხოლოდ ერთი რამ, რისი დაბრუნებაც შეუძლებელია, ეს არის სიცოცხლე და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი რესტორნის დაბომბვის დროს 7 თანამშრომელი დამეღუპა, ბიზნესზე ვერ ვფიქრობ, ან როგორ უნდა ვიფიქრო? იცით, 7 გარდაცვლილიდან ყველაზე ახალგაზრდა 18 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი 29-ის. ნულიდან მიწევს ყველაფრის დაწყება, მაგრამ ამის არ მეშინია. ერთადერთი რასაც განვიცდი, რასაც ვერ გამოვასწორებ და რის გამოც ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, ეს ჩემი გარდაცვლილი თანამშრომლები არიან. იცით, სულ ახალგაზრდები იყვნენ, მე თავად ვასწავლე მათ ყველაფერი, შვილებივით ვუყურებდი. მხოლოდ თანამშრომლები კი არა, შვილები დავკარგე“, – დმიტრო იჰნატენკო, დაბომბილი რესტორნის მფლობელი.

აქვეა აკვარიუმი სახელწოდებით “საოცარი თევზი”. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი წაგებაზე მუშაობს და დღემდე მხოლოდ შემოწირულებების დახმარებით მოვიდნენ, მაინც გადაწყვიტეს ომის დროს კარი დამთვალიერებლებისთვის გაეღოთ.

„რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ყოველ დილით დგებოდე, სამსახურში მოდიოდე და იცოდე, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება ბომბი დაგეცეს. თუმცა ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ, იმისათვის, რომ არ დავნებდეთ. ჩვენ ერთმანეთს ვუჭერთ მხარს და ვაძლიერებთ, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი დამარცხება შეუძლებელია. ჩვენ ოცნება გვაქვს, უფრო სწორად გეგმა. გამარჯვების შემდეგ გვინდა ჩვენი გარემო ფსიქოლოგიური გამოჯანმრთელებისთვის მნიშვნელოვან ადგილად ვაქციოთ არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც, სამხედროებისთვისაც. შესაძლოა, სარეაბილიტაციო ცენტრად გადაიქცეს“, – ირინა არტიომოვა, Amazing Fish-ის მენეჯერი.

კრამატორსკში ახლა 228 მაღაზია და 50-მდე რესტორანია გახსნილი, სამჯერ მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქალაქში ამბობენ, რომ კრამატორსკის ეკონომიკა ომს შეეგუა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend