მთავარისაქართველოარასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, ხელისუფლებამ გაატაროს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომელთაც აშშ-მ...

არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, ხელისუფლებამ გაატაროს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომელთაც აშშ-მ სანქციები დაუწესა

51 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისა და ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის მიმართ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ხელისუფლება უგულებელყოფს დასავლურ სანქციებსა და იცავს დასანქცირებულ პირებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება არაფრად აგდებს აშშ-ის მიერ ოთხ მოსამართლისა და ოთარ ფარცხალაძისათვის დაწესებულ სანქციებს და მათი თქმით, მთელი სახელისუფლებო სისტემა მათ დაცვაშია ჩართული.

მათივე განცხადებით, ხელისუფლება ანტიდასავლურ პროპაგანდას მიმართავს, როდესაც აცხადებს, რომ ამერიკამ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, თუ რატომ დასანქცირდნენ აღნიშნული პირები.

ისინი მოუწოდებენ მთავრობას, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები ამ პირების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და ირაკლი შენგელია, ასევე ყოფილი მოსამართლე ვალერი ცერცვაძე, კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის დაასანქცირა. 14 სექტემბერს კი, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთისთვის სასარგებლო საქმიანობისა და ჯაშუშობისთვის დაასანქცირეს. ასევე უკვე დიდი ხანია ცნობილია, „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხზე. მაღალი თანამდებობის პირები შეერთებული შტატებისგან ამ პირების დასანქცირებისთვის განმარტებებსა და მტკიცებულებებს ითხოვენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend